top of page

ჰომოფობია, როგორც მარადმწვავე პრობლემა.

  • Writer: მარიამ გრძელიშვილი
    მარიამ გრძელიშვილი
  • Mar 30, 2021
  • 3 min read

ფოტოს წყარო: ONNIK KRIKORIAN: ONEWMPHOTO@GMAIL.COM


მსოფლიო ელვის სისწრაფით ვითარდება. თითქმის ყველა სფერო, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, განიცდის პროგრესს, თუმცაღა, არსებობს დამოკიდებულებები, რომელთა მიმართ რეგრესის გარდა ვერაფრით დავიკვეხნით. ერთ-ერთი მათგანი სექსუალური უმცირესობებია. სენსიტიური თემა, რომელიც სიძულვილის, კრიტიკის ქარცეცხლში მრავალჯერ გაატარეს. უმეტეს შემთხვევეაში მათ გმობენ, ხელს უშლიან იცხოვრონ, იარსებონ ისე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. ისინი მართლაც ჩვეულებრივები არიან, განასხვავებთ მხოლოდ ორიენტაცია, თუმცაღა საზოგადოების უმრავლესობას ეს მიზეზი ნამდვილად ჰყოფნის მათთვის ტალახის სასროლად.

ტაბუდადებული საკითხების სიღრმეებში ჩასასვლელად, აუცილებელია მისი ასპექტების განხილვა, მეტი ინფორმაციულობა. ინფორმაციული ვაკუუმი ხელს უშლის ჯანსაღი შეხედულებების წარმოქმნას, ამიტომ ცოტაოდენი ისტორია მიმოვიხილოთ. სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია საუკუნეებს ითვლის. ეს არ არის 21-ე საუკუნეში წარმოქმნილი პრობლემა, თითქმის ყველა კულტურაში ღიად იყო აკრძალული ჰომოსექსუალური ქცევა, აკრძალვა კი თავისთავად მიგვანიშნებს, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლებოდა, ამის მაგალითია ცნობილი ირლანდიელი მწერალი ოსკარ უალდი, იგი ლონდონის სასამართლომ „სოდომისტად“ ცნო და ორი წლით ციხეში შრომა მიუსაჯა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ნაცისტურ გერმანიაში 100000 ადამიანი იყო დაპატიმრებული ჰომოსექსუალობის ბრალდებით. ლგბტ პირები სასტიკად იდევნეოდნენ 1960-1970 წლების ამერიკაშიც. ავტორიტარიზმისა და ტოტალური ტერორის პირობებში მყოფი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რა თქმა უნდა, არ გამოირჩეოდნენ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც სასტიკად დევნიდნენ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს. ამ მხრივ ყველაზე ცნობილია თბილისელი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის შემთხვევა, რომელმაც ამ და სხვა ბრალდებებით შვიდი წელი გაატარა ციხეში.

ბატონყმობის გადავარდნასთან ერთად თანდათან გაჩნდა „თავისუფლების“ და „თანასწორობის“ კონცეფციები, ეს ნელ-ნელა LGBT თემსაც შეეხო, დროთაგანმავლობაში დაიხვეწა მიდგომა და დამოკიდებულება განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირების მიმართ. 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2004 წლის 17 მაისიდან მსოფლიოს 130 ქვეყანა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ლგბტქი აქტივისტები და უფლებადამცველები რადიკალურმა ჯგუფებმა დაარბიეს. 13 წლის მოსწავლეს მიკვირდა, რატომ დასდევდნენ ერთმანეთს ქუჩაში ხის სკამებით, რისთვის სდევნიდნენ სასულიერო პირები ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს. გაოცებული ვუყურებდი, რადგან სკოლის კედლებში, სადაც შემწყნარებლობაზე გვესაუბრებოდნენ, ძალადობის მეტს ვერარაფერს ვხედავდი; 2014 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ამ დღის შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს მორწმუნეები მთელი თბილისის მასშტაბით აწყობენ მსვლელობებს. დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოყვა ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მონაწილეობას ლგბტ უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში, მისი ლგბტ დროშის ფერების მქონე სამკლაური დღემდე განხილვის თემაა ქართულ რეალობაში. 2019 წლის 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, ეს არის ფილმი ქართველი გეი წყვილის სიყვარულის შესახებ, პრემიერას მშვიდად არ ჩაუვლია, კინოთეატრის წინ შეიკრიბნენ ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები, მღვდელმსახურები, სხვა მოქალაქეები. ეს იყო აქცია, რომლის მონაწილეებსაც სჯეროდათ, რომ ამ ფილმს შეეძლო ერის გარყვნა, „ქართველობის დაკარგვა“. აქციის მონაწილეებმა აანთეს სანთლები, ილოცეს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ ჩაეშალათ ფილმის ჩვენება.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით, როგორც პოსტსაბჭოთა, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ადგილზეა. ჩვენ გვიჭირს იმ ადამიანების მიღება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შექმნილია. ქვეყანაში არსებობული ანტიდისკრიმინაციული კანონისა, მაინც არ ხდება სიძულვილით მოტივირებული ქმედებების დასჯა და აღმოფხვრა. ის ფასადურ დოკუმენტს უფრო ემსგავსება, რომელსაც ყველა გვერდს უვლის.

საქართველოში ჰომოფობიის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორები ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, რელიგიაა. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა ძირითადად ხდება რელიგიური მოტივებით, ღვთის სახელით, რომელმაც ადამიანი თავის მსგავს არსებად შექმნა და უბოძა თავისუფალი ნება. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, როდესაც საქმე ჰომოსექსუალებს ეხებათ გვავიწყდება, რომ ისინიც იმ ღმერთის შექმნილები არიან, რომლის სახელითაც ვუპირისპირდებით მათ.

ჰომოსექსუალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული მკვეთრად ნეგატიური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ანტისექსუალური კულტურა, რომელშიც ვცხოვრობთ. საზოგადოების ნაწილისთვის ამ საკითხის ტრადიციული ფორმაც კი ტაბუდადებულია და შესაბამისად უფრო მეტად რთული იქნება არატრადიციული ფორმების მიღება, აღქმა.

შედეგად ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც იჩაგრებიან, ირიყებიან, იღებენ სიძულვილს. მათი ნაწილი ფიზიკური ძალადობის მსხვეპლია, ნაწილი-ფსიქოლოგიურის. ჰომოფობები აპროტესტებენ არამხოლოდ მათ აქტიურ ცხოვრებას, არამედ არსებობასაც კი. სახელმწიფო თითქოს არის უფლებებზე ორიენტირებული, თუმცა მეორე მხარეს არსებობენ პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციულ პროპაგანდას.

ქართულ რეალობას ახსოვს ძალადობის მსხვერპლი ტრანსგენდერები, ბისექსუალები, თუ გეები. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ვერასდროს იქნება ერთი და ორი ადამიანის პრობლემა. თავის მხრივ, ვერც სოციუმის მცირე ნაწილი დაამსხვრევს არსებულ სტერეოტიპებს. საკითხი მეტად კომპლექსური, დამაფიქრებელია. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მეტი ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ იმისავის, რომ აწმყოშიც და მომავალშიც ჰუმანურ, ჯანსაღ, თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ.

 
 
 

Comments


bottom of page