მედიის და კომუნიკაციის სამაგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ინტერდისციპლინური განათლების და კვლევითი პროექტების განხორციელებას იწყებს. ამ მიმართულებით ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ცენტრმა ახალი პრიორიტეტები და გეგმა განსაზღვრა 3 ივლისს გამართულ საერთო კრებაზე. კრებამ ახალი ვადით აირჩია გამგეობა და ცენტრის თავმჯდომარის პოზიციაზე ნდობა თსუ–ის პროფესორ მარიამ გერსამიას გამოუცხადა.
“დღეს ქვეყნის განვითარება ყველაზე მეტად განათლებასა და მედიის დემოკრატიზაციაზე გადის. სწორედ ეს სამი კომპონენტი (დემოკრატია, განათლება და მედია) ქმნის იმ სამკუთხედს, რომელიც ერთი რომელიმე კომპონენტის გაძლიერებას ან დანარჩენ ორზე ზემოქმედებას განაპირობებს . ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია ახალი ხედვით, ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტებით აგრძელებს მუშაობას. მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ინტერდისციპლუნური ცოდნის ტრანსფერს, გამოცდილების გაზიარებას აკადემიურ და ფართო საზოგადოებაში, მედიაფსიქოლოგიის დარგის განვითარებას და აკადემიურ კვლევებს“, - აღნიშნავს ცენტრის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია.
მედიის და კომუნიკაციის სამაგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) დაარსდა 2015 წელს და მისი მისიაა მედიის და დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის ჟურნალისტების განათლების მხარდაჭერა.
ცენტრის მიზანია მედიის და მასკომუნიკაციის სფეროს განვითარება, საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის და ახალი ცოდნის შექმნის გზით, მედიაწიგნიერების ამაღლების და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა. ასევე, ინტერდისციპლინური ცოდნის ტრანსფერი და მედიის და მასკომუნიკაციის, მედიაფსიქოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტირება.
Commentaires