შეგეძლოს საკუთარი ხელით შექმნა რაიმე ღირებული, ეს უდიდესი ტალანტია. თუ წლების წინ ხელით შექმნილ ნივთებს საზოგადოება ნაკლებად აფასებდა, ბოლო წლებში ეს ტენდეცია შეიცვალა. დღესდღეობით ხელნაკეთი ნივთები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ადამიანები მიხვდნენ, თუ რამდენად დიდი შრომა დევს ხელით შექმნილ ნამუშევარში, ამ ფაქტმა განაპირობა ისიც, რომ მსოფლიო დონის წამყვანი ბრენდები სწორებას სწორედ ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებენ და მათი ღირებულებაც ქარხნულ ნაწარმზე მაღალია. ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი გახლავთ „დოლჩე ბაბანა“, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად აწარმოებს ხელით შექმნილ უძვირფასეს სამოსს.
დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ხელსაქმით. ეს მიმართულება განსაკუთრებით პანდემიის დროს გააქტიურდა, როდესაც ბევრმა ადამიანმა ხელნაკეთი ნივთებით ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა. ინტერნეტსივრცეში შეხვდებით არაერთ ონლაინმაღაზიას, რომელიც საკუთარ ნამუშევრების წარმოგიდგენთ. ასევე ბოლო დროს აქტიურად ტარდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას წარუდგინოს. ამგვარი გამოფენები მიზნად ისახავს როგორც შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანებისა და მათი ნამუშევრების რეალიზაციასა და პოპულარიზაციას, ასევე ხდება დამატებითი შემოსავლის წყაროც.
ამ კუთხით თბილისში ერთ-ერთი აქტიურად დატვირთული ლოკაცია ორბელიანის მოედანი გახლავთ, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ეწყობა გამოფენა-გაყიდვები. გამოფენაზე შეხვედბით უამრავ საინტერესო და ლამაზ ნივთს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში ხელით შექმნილი ნამუშევრების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, რაც უშულოდ ხელსაქმით დაკავებული ადამიანებისათვის დამატებითი მოტივაციაა რაიმე ახლის შესაქმნელად.
ავტორი:თამარ ქარელი
コメント