ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს LGBTQI+ თემის მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის.
სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია, რომ ახალი არაა, ყველასათვის ცნობილია. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ კულტურაში აკრძალული იყო ჰომოსექსუალური ქცევა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ეს რაღაც ,,ახალია“ და ,,ადრე ასეთები არ ხდებოდა“ უპირველეს ყოვლისა ისტორიული ფაქტების უგულებელყოფაა.
კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტულობის მაჩვენებლით, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ჩვენ ვერბძვით ადამიანებს, რომლებიც რაღაცით ჩვენგან განსხვავდებიან, რომლებიც თითქოსდა არ ჯდებიან საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ნორმებში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, რომ ჰომოფობია ძალიან მძიმე სოციალური პრობლემაა, რომელიც ზღუდავს ქვეყნის განვითარებას, წარმოშობს კონფლიქტებსა და ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ჩამოყალიბებულია კონსერვანტი ულტრა-მემარჯვენე რადიკალურად განწყობილი, ჰომოფობიური ჯგუფი, რომელიც ებრძვის ადამიანებს, ებრძვის მათ გამოხატვის თავისუფლებას, საუბრობს სიძულვილის ენით და საზოგადოებას მოუწოდებს ძალადობისკენ. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ იწვევს ისედაც ტაბუდადებული თემის და მისი წარმომადგენლების უფრო მეტად მარგინალიზებას, ვიდრე ისინი არიან.
მიუხედავად ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობისა, მაინც ვერ ხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტური გამოძიება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ლგბტ თემის მიმართვიანობას და ნდობას უწყებების მიმართ, ისინი პოლიციისათვის მიმართვას ამჯობინებენ, რომ საქმე საკუთარი ხელებით გამოიძიონ.
ძირითადად ჰომოფობიის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, სოციალური და პოლიტიკური პროცესები, იგი დამახასიათებელია არასეკულარული სახელმწიფოებისთვის. ჰომოფობია რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ერთგვარად ჰომოფობი შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს თავი სხვა ადამიანზე ზემდგომად წარმოაჩინოს, იქნება ეს მორალური, მასკულინური თუ სხვა ნებისმიერი ასპექტი. ამით იგი ცდილობს ხაზი გაუსვას არსებული საზოგადოებრივი თუ მორალური ნორმების გათვალისწინებით მის უპირატესობას ლგბტ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით.
გარკვეულწილად ეს შეიძლება გამოიწვიოს იმ სოციუმის და საზოგადოების ანტისექსუალურმა კულტურამ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ის, რაც საზოგადოების ნაწილისთვის ისედაც ტაბუდადებულია მისთვის მისაღები, ტრადიციული ფორმითაც, ბუნებრივია, რომ უფრო რთულად მისაღები იქნება არატრადიციული ფორმით.
ჰომოსექსუალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული მკვეთრად ნეგატიური და აგრესიული განწყობა, შესაძლოა არასწორად აისახოს თავად ამ თემის წარმომადგენელზე. შესაბამისად, მან შეიძლება არ მიიღოს საკუთარი თავი ისეთად როგორიც არის, დაიწყოს საკუთარი ორიენტაციის დათრგუნვა, რაც საბოლოოდ შესაძლოა გადაიზარდოს აგრესიაში სხვა ჰომოსექსუალების მიმართ.
ჰომოფობები ცდილობენ ლგბტ თემის მაქსიმალურ მარგინალიზაციას, ზღუდავენ მათ უფლებებს იქნება ეს დასაქმების, განათლების მიღების თუ სხვა. საუბრობენ მათზე სიძულვილის ენით, საზოგადოებას მოუწოდებენ მათ გარიყვის, დაგმობის, უარყოფისკენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად უსწორდებიან მათ. აპროტესტებენ მათ არსებობას და სიცოცხლესაც კი.
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად ართულებს ის ფაქტორიც, რომ იგი შესაძლოა გამოყენებული იქნას გარკვეული ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების გასატარებლად. არეულობის გაჩენის მიზნით.
ჰომოფობიის დაძლევის მთავარ ინსტრუმენტად ხშირად განათლება მოიაზრება, მაგრამ იყო ჰომოფობი სულაც არ ნიშნავს იყო გაუნათლებელი. რეალურად, ჰომოფობიასთნ ბრძოლა იწყება იმის გააზრებით, რომ საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი საზოგადოების განვითარებისთვის ბრძოლაა. განვითარებულ საზოგადოებაში კი ვერავინ დაგმობს ჯერ არ ნახულ ფილმს და არც არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ერთმა ფილმმა შეიძლება ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შეცვალოს. განვითარებულ საზოგადოებაში არ მოგვიწევს ,,წართმეული ქართველობის“ დაბრუნება. საჭიროა კი იმის დაბრუნება რაც შეიძლება ჩოხაში გამოწყობილი ჰომოსექსუალი მოცეკვავით წაგვერთვას?!
მარიამ ნებულიშვილი
Comments