კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემია გახდა მთავარი მიზეზი იმასა, რომ შეფერხდა ბევრი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობა. შეზღუდვებით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ კი ბევრი ადამიანი მოძალადესთან ერთად ერთ სივრცეში მოაქცია.
კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით იმატა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა. მიმდინარე პანდემიისას ძალადობის ფაქტები გლობალურად გასამმაგდა. გაიზარდა ფემიციდის რიცხვიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, რომ ძალადობის ფაქტებმა იმატა, თუმცა ამას აღნიშნავენ ორგანიზაციები.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება. მოძალადესთან ერთად მყოფი მსხვერძლი ვერ ახერხებს ხმა მიაწვდინოს შესაბამისს ორგანოს (112) და დარეკოს ცხელ ხაზზე. საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია ისარგებლოს 112-ის ახალი ფუნქციით, რომლითაც შესაძლებელია მსხვერპლმა ოპერატორს გაუგზავნოს შეტყობინება ან ჩუმი გამოძახების რეჟიმი გამოიყენოს. ასევე მთავარ პრობლემად იკვეთება დამნაშავეების დაუსჯელობა. ამ პრობლემაზე არაერთი განცხადება თუ ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში.
სტატისტიკის მიხედვით ძალადობის ფაქტები იზრდება, მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა, რომელიც თავის მხრივ კიდევ გამოიწვევს ჩაკეტვებს, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება მოახდინოს, რათა შემცირდეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რიცხვები.
Comments