top of page
ifonimojo

ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ

სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია საუკუნეებს ითვლის. ეს არ არის 21-ე საუკუნეში წარმოქმნილი პრობლემა, თითქმის ყველა კულტურაში ღიად იყო აკრძალული ჰომოსექსუალური ქცევა, აკრძალვა კი თავისთავად მიგვანიშნებს, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ.


მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდამდე ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლებოდა, ამის მაგალითია ცნობილი ირლანდიელი მწერალი ოსკარ უალდი, იგი ლონდონის სასამართლომ „სოდომისტად“ ცნო და ორი წლით ციხეში შრომა მიუსაჯა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ნაცისტურ გერმანიაში 100000 ადამიანი იყო დაპატიმრებული ჰომოსექსუალობის ბრალდებით. ლგბტ პირები სასტიკად იდევნეოდნენ 1960-1970 წლების ამერიკაშიც. ავტორიტარიზმისა და ტოტალური ტერორის პირობებში მყოფი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რა თქმა უნდა, არ გამოირჩეოდნენ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც სასტიკად დევნიდნენ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს, ამ მხრივ ყველაზე ცნობილია თბილისელი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის შემთხვევა, რომელმაც ამ და სხვა ბრალდებებით შვიდ წელი გაატარა ციხეში.


ბატონყმობის გადავარდნასთან ერთად თანდათან გაჩნდა „თავისუფლების“ და „თანასწორობის“ კონცეფციები, ეს ნელ-ნელა LGBT თემსაც შეეხო, დროთაგანმავლობაში დაიხვეწა მიდგომა და დამოკიდებულება განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირების მიმართ. 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2004 წლის 17 მაისიდან მსოფლიოს 130 ქვეყანა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


რა ხდება საქართველოში?

2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ლგბტქი აქტივისტები და უფლებადამცველები რადიკალურმა ჯგუფებმა დაარბიეს; 2014 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ამ დღის შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს მორწმუნეები მთელი თბილისის მასშტაბით აწყობენ მსვლელობებს. დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოყვა ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მონაწილეობას ლგბტ უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში, მისი ლგბტ დროშის ფერების მქონე სამკლაური დღემდე განხილვის თემაა ქართულ რეალობაში.

2019 წლის 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, ეს არის ფილმი ქართველი გეი წყვილის სიყვარულისშესახებ, პრემიერას მშვიდად არ ჩაუვლია, კინოთეატრის წინ შეიკრიბნენ ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები, მღვდელმსახურები და სხვა მოქალაქეები. ეს იყო აქცია, რომლის მონაწილეებსაც სჯეროდათ, რომ ამ ფილმს შეეძლო ერის გარყვნა და „ქართველობის დაკარგვა“, აქციის მონაწილეებმა აანთეს სანთლები, ილოცეს და შემდეგ ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ ჩაეშალათ ფილმის ჩვენება.



ამ ფაქტებითა და კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ჩვენ გვიჭირს იმ ადამიანების მიღება, რომლებიც არ აკმაოფილებენ იმ კრტერიუმებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შექმნილია.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაინც არ ხდება სიძულვილით მოტივირებული ქმედებების დასჯა და აღმოფხვრა სათანადოდ, რაც შესაბამისად იწვევს ჰომოსექსუალების უნდობლობას და შიშს, ისინი რჩებიან დაუცველები და საზოგადოებისგან გარიყულები.


საქართველოში ჰომოფობიის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორები ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და რელიგიაა. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა ძირითადად ხდება რელიგიური მოტივებით, ღვთის სახელით, რომელმაც ადამიანი თავის მსგავს არსებად შექმნა და უბოძა თავისუფალი ნება. როდესაც საქმე ჰომოსექსუალებს ეხებათ გვავიწყდება, რომ ისინიც იმ ღმერთის შექმნლები არიან, რომლის სახელითაც ვუპირისპირდებით მათ.

ჰომოსექსუალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული მკვეთრად ნეგატიური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ანტისექსუალური კულტურა, რომელშიც ვცხოვრობთ. საზოგადოების ნაწილისთვის ამ საკითხის ტრადიციული ფორმაც კი ტაბუდადებულია და შესაბამისად უფრო მეტად რთული იქნება არატრადიციული ფორმების მიღება და აღქმა.


შედეგად ქვეყანაში გვყავს ადამიანები, რომლებიც არიან დაჩაგრულები, გარიყულები, მათი ნაწილი ფიზიკური ძალადობის მსხვეპლია, ნაწილი-ფსიქოლოგიურის. ჰომოფობები აპროტესტებენ არა მხოლოდ მათ აქტიურ ცხოვრებას, არამედ არსებობასაც კი. სახელმწიფო თითქოს არის უფლებებზე ორიენტირებული, თუმცა მეორე მხარეს არსებობენ პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციულ პროპაგანდას.



ჰომოფობია არ არის ერთეული ადამიანების პრობლემა, ეს გაცილებით დიდ მასშტაბებს მოიცავს და ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, ინდივიდუალიზმის მიუხედავად ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ადამიანები, რომლებსაც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა დავიცვათ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მაგრამ საზოგადოებაში, სადაც ხალხის ნაწილი ჰომოსექსუალ წყვილზე გადაღებულ ფილმზე უფრო მეტს დარდობს, ვიდრე ქვეყანაში არსებულ ოკუპაციაზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, ახალგაზრდების სუიციდზე, მოძალადე ადამიანების მომრავლებაზე და საზოგადოებაში, სადაც ქართველობას ჰომოსექსუალი წყვილები უფრო მეტად გვართმევენ, ვიდრე ოკუპანტი მეზობელი ქვეყანა, შეუძლებელია გჯეროდეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარუფლებიანია.


ქართულ რეალობას ახსოვს ძალადობის მსხვერპლი ტრანსგენდერები, ბისექსუალები, თუ გეები და ძალადობა ვერასდროს იქნება ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ის ვრცელ მასშტაბებს მოიცავს, თითოეულ ადამიანზე ვრცელდება, ის ყველას პრობლემაა.

მარიამ ქავთარაძე



Yorumlar


bottom of page