top of page
Writer's pictureმარიამ ნებულიშვილი

ჩაკეტილი წრე ანუ ,,წადი“


ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს თან ერთი და იგივე ფონი გასდევდა, რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ხალხი, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვას ,,წადის“ ყვიროდა.


პირველი წელი ბაღში, სკოლაში და უნივერსიტეტში, მათი თანადროული მოვლენები და ჩემს ქვეცნობიერში დალექილი ,,წადი“. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემი თაობის ნებისმიერი ახალგაზრდა პირველი, რასაც პროტესტისას აკეთებს არის ,,წადის“ ყვირილი, რაც შეიძლება ხმამაღლა, რაც შეიძლება მკაფიოდ, რაც შეიძლება გარკვევით.


მთავრობებიც და თაობებიც შეიცვალა, ბევრი რამე თითქოს წარსულსაც ჩაბარდა, პროტესტის ფორმებიც უდავოდ დაიხვეწა. პირველად ,,წადის“ გაგონებისას, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქციის სიმბოლო ერთ დღესაც შესაძლოა ბოქლომი, ცეკვა ან თუნდაც სულაც ლობიო ყოფილიყო. მაგრამ, ცვლილებების მიუხედავად საბოლოო შედეგი მაინც უცვლელია. უკმაყოფილებისას თითქოს დაპროგრამებულად კვლავ ერთსა და იმავე რაღაცას ვაკეთებთ. ქუჩაში გამოვდივართ, გადაჭრით ვითხოვთ ,,წასვლას“ და ძალიან იშვიათად გვიჩნდება შეკითხვა - მერე?


პროტესტის გრძნობა და შემდეგ მისი გამოხატვა ალბათ, ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. სწორედ, ის გვაძლევს განვითარების საშუალებას, გვანახებს, რომ რაღაც არასწორია და ის რაც არასწორია აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეიცვალოს მხოლოდ ერთი მიმართულებით და მხოლოდ კარგისკენ. საქართველოში და არა მარტო აქ, ხშირად, ადამიანებს არჩევანი არ გვაქვს. ,,წადის“ ყვირილის პროცესში ან მის შემდეგ, არ ჩანს არც ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ ,,მოდის“ დავუძახებთ. თანაც ომახიანად, გაბედულად, დაცულად, რადგან დარწმუნებლი ვიქნებით, რომ ესაა სწორედ ის ძალა, რომლის ნდობაც შეიძლება, რომელიც არ ჰგავს მის წინამორბედს და შეძლებს უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი და ქვეყნის ყოფა. მაგრამ არა, ასეთი ძალა თითქმის არც არსებობს და ჩვენც ინსტიქტუარდ ვმოძრაობთ. ვიბრძვით, ნამდვილად ვიბრძვით, მაგრამ რისთვის ან როგორ ამ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს.


იმასაც ვერ ვიტყვი, მხოლოდ ,,წადის“ ძახილით მომხდარა ცვლილებები ამ ქვეყანაში-მეთქი. არა ბატონო, საქმითაც გამოგვიხატავს ჩვენი არჩევანი, საქმითაც მიგვიხვედრებია მმართველი ძალა თუ მისი ოპონენტი, რომ მოქმედების დროა და თუ არ იმოქმედებ ჩაგანაცვლებთ. მაგრამ იმედიც ხშირად გაგვცრუებია და ისევ ჩაკიტილ წრეზე დაგვიწყია ტრიალი.


ჩაკეტილი წრის გარღვევა კი ყველაზე რთულია, რისი გაკეთებაც წილად გვხვდა. მაგრამ, მიუხედავად სირთულისა ეს წრე აუცილებლად უნდა გაიღვეს. მხოლოდ ,,წადის“ ძახილი გამოსავალი რომ არაა, ეს წარსულმა გამოცდილებამაც გვაჩვენა. ამ ,,წადის“ საქმე უნდა ავუწყოთ, ზუტად ისე და იმ ტემპში როგორ რიტმულადაც პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი სკანდირებს ამ სიტყვას.


მე ჯერ ორი ათეული წლისაც არ ვარ, მაგრამ ხშირად მომისმენია და მიყვირია ,,წადი“. მიუხედავად ამისა, არ მინდა, რომ მომავალშიც ასე იყოს, არ მინდა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ადამიანები კვლავ პარლამენტის წინ ათენებდნენ ერთი სიტყვის ,,წადის“ ძახილში.





5 views0 comments

コメント


bottom of page