top of page
ifonimojo

შშმ პირების დასაქმების პრობლემები საქართველოში

Updated: Apr 22, 2021


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სხვადასხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება ჯერ კიდევ ბავშვობიდან. სკოლებში, რომელთა უმეტესობას არ გააჩნია ინკლუზიური განათლების გეგმა და გადამზადებული პედაგოგები, შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურისა და ქუჩების უმეტესობა არ არის მორგებული შშმ პირებზე და ამ ყველაფერთან ერთად კი დასაქმების პრობლემები. ეს ყოველივე კი მათ ცხოვრების ხარისხზე აისახება.

პირველ რიგში მინდა განვმარტო , ,,რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებები. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ევროსაბჭოს მიერ 1996 წელს მიღებული „ევროპის სოციალური ქარტიის“ რატიფიცირება გარკვეული დათქმებით, რითაც აღიარა შრომის უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობა და იკისრა საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის შშმ პირების, შრომის უფლების რეალიზაციისა და შრომის სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფის ვალდებულება.’’ ამ ყველფრის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია შექმნას შშმ პირებზე მორგებული არადისკრიმინაციული სამუშაო ადგილები, სადაც ისინი დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად თანასწორ გარემოში მოახერხებენ შესაძლებლობების რეალიზებას და საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ანაზღაურებას. სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ასეთი სამუშაო ადგილები შექმნას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტროში. თუმცა, ერთია დაკისრებული ვალდებულებები და მეორეა, რამდენად ეფექტიანად სრულდება ისინი. რეალობა არის ის, რომ შშმ პირებზე მორგებული შრომითი ბაზარი ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება სახელმწიფოსთვის.



ფოტო საიტიდან - agora.ge

რა არის რეალურად ხელის შემშლელი შშმ პირების დასაქმებაში? პირველ რიგში არაადაპტირებული გარემო და ინფრასტრუქტურა, არაინკლუზიური განათლების სისტემა, დამსაქმებელთა და ხშირად საზოგადოების მხრიდან სტიგმები და სტერეოტიპული შეხედულებები, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ,,გონივრულ მისადაგებაზ უარს არ განიხილავს დისკრიმინაციად''.




საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა ფონდ „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახურის“ დაფინანსებული პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში’’ -ის ფარგლებში. კვლევაში ერთ-ერთი თავი ეთმობა შშმ პირების დასაქმებას სადაც წარმოდგენილია, რომ  2017 წლის განმავლობაში worknet.gov.ge(2013 წლის 25 დეკემბრიდან მოქმედი შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა) -ზე 1070 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო რეგისტრირებული. აქედან შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 103 ადამიანს. მხარდაჭერითი დასაქმების ფარგლებში გაწეული საშუამავლო მომსახურებით 2017 წელს 42 შშმ პირი დასაქმდა. ამავე სააგენტოს მიერ მოწოდებული დანართიდან ირკვევა, რომ შშმ პირთა დასაქმების ხანგრძლივობამ შეადგინა 1-დან 12 თვემდე. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი , 17 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 47,657-ს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობა - 89-ს.


მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში კომპანიებთან და ქმნის დროებით სამუშაო ადგილებს შშმ პირებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კომპანიები აღარ აგრძელებენ შშმ პირთან თანამშრომლობას და ამ პროცესს მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი აქვს. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ყოველდღიურად დამოუკიდებლად ქუჩებში და ტრანსპორტით გადაადგილება და სამსახურში სიარული, რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის ძირითადად საკმაოდ დაბალია რის გამოც, სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, შშმ პირის მუშაობა არამომგებიანია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სათანადოდ არ ხდება დასაქმების სახელმწიფო პროგრამების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. ამასთანავე, მასში ჩართულნი არ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები3.

იმისათვის, რომ შშმ პირების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს პირველ რიგში საჭიროა შრომის ბაზრისა და დამსაქმებლების წახალისება ან თუნდაც სპეციალური საგადასახადო შეღავათების შემოღება, რომლებიც მოტივაციას მისცემს კერძო სექტორს დაასაქმოს შშმ პირები. თუმცა პირველ რიგში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და შშმ პირებისთვის მცირეწლოვნობის ასაკიდანვე თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნაა აუცილებელი.


ავტორი: ქეთი მაისურაძე


Comments


bottom of page