ფოტო: publica.ge
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პირველად 1 მარტს ეწვია. დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაემთხვა. პრეზიდენტი მიშელი მმართველ ძალასა და მის ოპონენტებს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთო და განაცხადა, რომ დასავლეთი პროცესში მედიატორის როლით გააგრძელებდა მონაწილეობას.
პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი:
ფოტო: civil.ge
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავდაპირველად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე. საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით გამართული დიალოგის ფარგლებში მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ ცესკოს ახალი შემადგენლობით. ამავდროულად, დღის წესრიგში იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი: მმართველი ძალის ოპონენტების თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულებას იყენებს მისთვის მიუღებელი პიროვნებების წინააღმდეგ, რაც უნდა დასრულდეს.
პარალელურად, პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ორმა და "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით გასულმა ოთხმა დეპუტატმა. ამავდროულად, ამ უკანასკნელმა ოთხეულმა ახალი პარტია, "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნა. საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნების" გარდა, პარლამენტში შევიდნენ ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე.
2021 წლის თებერვალში სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" თავჯმდომარეს, ნიკა მელიას, პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა გიორგი გახარიამ - მისი თქმით, მიზეზი გუნდთან ამ საკითხზე უთანხმოება იყო. ნიკა მელიას დაპატიმრებამ კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
მიუხედავად რიგი ოპოზიციონერების პარლამენტში შესვლისა, კრიზისის არსებობას კვლავ აღიარებდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ქვეყანაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
შარლ მიშელის პირველი ვიზიტი:
ფოტო: imedinews.ge
1 მარტს თბილისში ჩამოსული მიშელი თავდაპირველად ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ევროპულ დელეგაციას მტავრობის სახლში პრემიერმინისტრმა უმასპინძლა. ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს იწვევდა ვახშამზე იმავე საღამოს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საქმიან ვახშამზე მხარეების პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ მიშელი ორივე მხარეს კომპრომისისკენ მოუწოდებდა. მისივე თქმით, ყველა მხარეს უნდა ემუშავა მოლაპარაკებებში პროგრესისთვის, რათა 16 მარტს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტამდე მხარეებს შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
შარლ მიშელმა მხარეებს ე.წ. ჩარჩო-ხელშეკრულებაც დაუტოვა, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო.
პირველი ვიზიტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში მედიაციის პროცესში ჩასართავად მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდოდა.
კრისტიან დანიელსონის ვიზიტები საქართველოში:
ფოტო: ptn.ge
შვედი დიპლომატი ქვეყანას 12 მარტს ეწვია. რამდენიმედღიანი მედიაციის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებებისა და საერთო მაგიდასთან 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ რიგ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ იყო.
კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისა და მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ შვედი დიპლომატი კვლავ საქართველოში ჩამოვიდოდა.
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ქვეყანაში 27 მარტს დაბრუნდა და მედიაციის პროცესის განახლდა.
ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ ძალასთან ინდივიდუალურად გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ, თუმცა კვლავ უშედეგოდ - შეთანხმება ისევ ვერ შედგა.
მიღწეული შეთანხმება:
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა 18 აპრილს მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინეს. მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და მმართველმა ძალამ მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ და "ლეიბორისტულმა პარტიამ". მიზეზი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხის ბუნდოვანება და რიგგარეშე არჩევნების თვითმმართველობის საკითხზე მიბმა იყო.
მიშელის კიდევ ერთი ვიზიტი საქართველოში:
ფოტო: reginfo.ge
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანას მეორედ 20 აპრილს ეწვია. ის პირადად შეხვდა მხარეებს.
მიშელის განცხადებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით "საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს".
შარლ მიშელმა ქვეყანა 21 აპრილს დატოვა.
Comments