top of page
Writer's pictureლიზა მოსიძე

ოქროს შუალედი ვანდალიზმსა და თვითგამოხატვას შორის - ქუჩის მხატვრობა

Updated: Apr 21, 2021

უფერული კორპუსები და ფასადები ისედაც განაცრისფრებულ ქალაქს კიდევ უფრო ამუქებს. ეს ერთფეროვნება ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის მოსაწყენი ხდება, რის შედეგადაც იბადება ქუჩის მხატვრობის იდეა. უკვე დიდი ხანია საზოგადოებაც ვერ თანხმდება ქუჩის მხატვრობის არსზე. ზოგისთვის ეს უბრალოდ ვანდალიზმია, ზოგისთვის კი ქუჩის ხელოვნება. რა თქმა უნდა, კედლებზე მიჯღაბნილ უწმაწურ სიტყვებსა თუ უბრალოდ ინიციალებს ხელოვნებას ვერ დავარქმევთ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ქალაქებში ასეთი ტიპის ნაწერები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფასეული ნახატები. სწორედ ეს უტეხს ქუჩის ხელოვნებას სახელს და სწორედ ამიტომ აქვთ ნამდვილ კედლის მხატვრებს ხულიგნების სახელი ხალხში.

ქუჩის ხელოვნება ვანდალიზმსა და თვითგამოხატვას შორის დაჭერილი ოქროს შუალედია. არტისტები შეგნებულად იცავენ წონასწორობას თავისუფლებასა და თავგასულობას შორის.

ჩვეულებრივ საღებავის ქილით აღჭურვილი, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, სახედაფარული ქუჩის მხატვრისთვის ეს საქმიანობა ძალიან სახიფათოა. ღამის ქურდივით შემოსილი, შებინდებისას გამოდის გარეთ, ერთ დანგრეულ კედელს აფერადებს და მეორე დილით ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას უბრუნდება, ისე, თითქოს არც არაფერი ჩაუდენია. არადა, არ იცის რა მოელის – საყოველთაო აღიარება თუ ფულადი ჯარიმა ან, სულაც, დაპატიმრება.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატვრობა ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია, არსებობს ტერმინი „ლეგალური“ და „არალეგალური“ კედლები. ლეგალური ტიპის კედლები არის კედლები, რომლებსაც ქალაქის მერია ან კერძო კომპანია უთმობს კონკრეტულ არტისტებს გასაფორმებლად, საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ. არტისტების უმეტესობის აზრით, „ლეგალური“ კედლები არ იძლევა საშუალებას, სრულიად გამოხატონ თავიანთი სათქმელი. შესაბამისად, დაღამებისას მაინც გამოდიან მხატვრები და „მწერლები“ „სამუშაოზე“ და, ყველანაირი ცენზურისგან თავისუფლები, ბოლომდე იხარჯებიან კედლებზე.ასეთი მრავალი ახალგაზრდა თბილისის ქუჩებშიც შეგვხვდება , იხილეთ ფოტორეპორტაჟი ქართველ “სთრითარტისტზე”

ქუჩის მხატვრობის წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქუჩის მხატვრობაში პირველი ძვრები მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მუშამ სახელად კოლროიმ ბომბებით სავსე ყუთებზე „კოლროი იყო აქ“ დააწერა.შემდეგ გერმანელმა ჯარისკაცებმაც დაიწყეს ამგვარი წარწერების გაკეთება და ნელ-ნელა ამ პირველმა ვირუსულმა გამოვლინებამ მსოფლიო მოიცვა.

დროის გასვლასთან ერთად ქუჩის მხატვრობა ურბანიზმის გამორჩეული სუბკულტურა გახდა. ეს დარგი მრავალ დამწყებ თუ პროფესიონალ მხატვარს აერთიანებს, რომლებსაც თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამოაქვთ. ახალგაზრდების ნაწილმა თავის თავზე აიღო ერთფეროვანი ყოველდღიურობის გაფერადება, სხვებისგან განსხვავებით საკუთარი პროტესტი ინტერნეტის იქით გაიტანა და პირდაპირ ქუჩაში ჩვენ ცხვირწინ დაგვიხატა.

ქუჩის მხატვრების ნამუშევრები ხშირად სოციალური თუ პოლიტიკური რეალობის გამოძახილია. სწორედ ამიტომ ქუჩის მხატვრებს ქალაქის მოამბეებს, ხოლო ნახატებს ქალაქის სათქმელს უწოდებენ ხოლმე.


სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი უსმენს ქუჩების ხმებს. არადა, რამდენჯერ შევხვედრილვარ კედლებზე სერიოზული დატვირთვის მქონე ნახატს და ფერების გარდა ვერაფერი აღმიქვია – რთულია, როცა სულ სადღაც გეჩქარება. ადამიანებმა დრო უნდა გამოვნახოთ, დავაკვირდეთ ჩვენს ქალაქს, დავაკვირდეთ ქუჩებს და მასზე დატანილ მესიჯებს. იქნებ თქვენც მოგინდეთ ხელში საღებავის აღება და თქვენც თქვენი პროტესტი კედელზე გადაიტანოთ?... იქნებ ყველას გადაედოს ნელ-ნელა პრობლემის გამოხატვის ეს ფორმა და ჩხუბის მაგივრად კედლები ვაფერადოთ ხოლმე, რა იცით...


ავტორი : ლიზი მოსიძე

18 views0 comments

Comments


bottom of page