top of page
Writer's pictureMariam Kavtaradze

ფერადი ადამიანები

გავდივარ ქუჩაში და ჩემს ყურადღებას იქცევენ ფერადთმიანი გოგოები და ბიჭები, ზოგს წითელი თმა აქვს, ზოგს ლურჯი, ყვითელი, მწვანე, ტანსაცმელიც ფერადი აცვიათ. თბილისის ლამაზ ქუჩებს ძალიან უხდებიან ეს ფერადი ადამიანები, რაღაც სასიამოვნო, თბილ და ღიმილისმომგვრელ გრძნობას იწვევენ ჩემში. ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები არიან, მუდამ თავისუფლებისა და სამართლიანობის მაძიებლები, პატრიოტები და მებრძოლნი. მათი იარაღი დღეს განათლება და სიტყვაა, ძალადობისა და სისხლის გარეშე ცდილობენ იბრძოლონ იმისთვის, რაც მათ ეკუთვნით. ამიტომაც არიან განსხვავებულები.

ბუნდოვნად მახსოვს 2008 წლის ომი, მაშინ არ ვიცოდით, რომ ის მოვლენები მომავალში ჩვენზე, ახლანდელ ახალგაზრდობაზე ასე აისახებოდა, არ ვიცოდით, რომ მტერი ასე ახლოს მოვიდოდა და მასთან ბრძოლა ჩვენი ვალი იქნებოდა. ეზოებში ვთამაშობდით „ომობანას“ და ამ თამაშში ვამარცხებდით მტერს, თუმცა, ალბათ, 2019 წლის ივნისის მოვლენების, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ დროს ნათლად გავიაზრეთ, რომ ეს აღარი იყო თამაში. ამ ფერადმა გოგოებმა და ბიჭებმა ვერ აიტანეს რუსეთის წარმომადგენლის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება და დაიწყეს საპროსტესტო აქციები. 20 ივნისს აქცია დაარბიეს, ახალგაზრდები დაშავდნენ, შედეგად, დანებების მაგივრად ვიხილეთ შეუპოვარი და ორმაგად ძლიერი ახალგაზრობა. ამ გოგო–ბიჭების აქციებიც კი განსხვავებული იყო, ტრიბუნიდან ისმოდა ლექსები, საქართველოს ჰიმნი და სხვა მუსიკალური ნაწარმოებები.

განსხვავებული პროტესტის გრძნობა, განსხვავებული ჩაცმის სტილი, იმიჯი, განსხვავებული დამოკიდებულებები და შინაგანი სამყარო, ასეთები არიან ეს ფერადი ადამიანები. უყვართ მეგობებთან ერთად ფილმებისა და წიგნების განხილვა, ერთმანეთისთვის გემოვნებიანი მუსიკის გაზიარება.

ფერად ახალგაზრდებთან საუბრისას ხშირად აღმომიჩენია, რომ სიგიჟემდე არიან თავისუფლებაზე შეყვარებულები. მათი დამოუკიდებლობის წყურვილი პირველ რიგში პიროვნული დამოუკიდებლობით იწყება. სწავლის პარალელურად იწყებენ მუშაობას, ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზებას. ორიენტრებულები არიან განათლებასა და თვითდამკვიდრებაზე.

სწორედ ამიტომ მომწონს ჩემი თაობა. გაბედულები, მიზანდასახულები, თავისუფლები, პატრიოტები და ლაღები არიან, არ აშინებთ განსხვავებული ადამიანების მიღება, არ გაურბიან სიახლეებს, მათი გარეგნული და შინაგანი სიფერადისგან დადებით და პოზიტიურ ენერგიას ვიღებ.

ხომ არსებობენ თაობები, რომელთაც საზოგადოებისგან შერქმეული სახელწოდებები აქვთ, აი, მე ამ თაობას ფერად ადამიანებს ვუწოდებდი. არცერთი ფერი არ იკარგება მათში, ყველა ფერს აცოცხლებენ და ამით მთელი სამყაროს ნეგატივს უპირისპირდებიან.



19 views0 comments

Comments


bottom of page