"თეატრები, გზატკეცილები და სასტუმროები...აი ეს "როკ-ენ-როლი" მომენატრა ყველაზე ძალიან." - ილიკო სუხიშვილი
36 დღე, 16 ქალაქი, 46 კონცერტი,
130 ათასამდე მაყურებელი, 92 ბისი, 9740 განვლილი კილომეტრი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" უკრაინაში.
ერთი ჩვეულებრივი დღე გასტროლზე
დილის 5 საათზე ადგომა თითქოს რთულად ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასტუმროში შუაღამისას, პირველ საათზე მიხვედი. გამოძინებისთვის მხოლოდ 4 საათი გრჩება. თავს აჯერებ, რომ კარგად გეძინა, ჩემოდანს კრავ და ავტობუსისკენ მიდიხარ. გარეთ დაახლოებით -8 გრადუსი ყინვაა. წინ 7 საათის გზა გაქვს. ავტობუსი თითქოს დაუსრულებლად მიდის, ხანდახან გძინავს... არა სულ ცდილობ, რომ გეძინოს.
მგზავრობის შემდეგ პირდაპირ თეატრში მიდიხარ, სადაც უკვე სადილის დროა. უკრაინული ბორში, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან სიამოვნებს.
რეპეტიციას კონცერტისთვის მომზადება მოჰყვება. ჩემოდნის ამოლაგება, გრიმი, პარიკი, სასცენო ფორმის მორგება, 15 წუთი გახურება.
დილის 5 საათზე გაღვიძებული 2 კონცერტს ცეკვავ, ორივე მათგანის ბისზე გამოდიხარ. შემდეგ გრიმს იშორებ, ჩემოდანს ალაგებ და ავტობუსისკენ მიდიხარ. ავტობუსში, სავარძელში მოკალათებულს კი გიკვირს, ენერგია მაინც რომ გაქვს დარჩენილი. აკვირდები გარშემომყოფების სახეებს და ცდილობ გაიგო, მხოლოდ შენ გიყვარს ცეკვა ასე ძლიერ, თუ ისინიც მზად არიან მესამე კონცერტიც იცეკვონ?
საბოლოოდ ენერგია მაინც გეცლება და სასტუმრომდე დაღლილი მიდიხარ. რამდენიმე საათი გაქვს ძილისთვის დარჩენილი, თავი ისევ უნდა დააჯერო, რომ კარგად გამოიძინებ, რადგან ხვალ კიდევ უფრო რთული დღე გელის.
Commentaires