საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკავიო ეტაპის მატჩში ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებს, ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პირველი ნახევარი ქართველებმა მოიგეს. ტაიმის მიწურულს უნაი სიმონის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო და "დინამო არენაზე" დაბრუნებული გულშემატკივარი გაახარა.
პანდემიის გამო მატჩს სტადიონის ტევადობის 30% ესწრებოდა, თუმცა გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო საგრძნობი იყო.
წონასწორობა მეორე ტაიმში ფერან ტორესმა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი ესპანელებს დანი ოლმომ შორეული დარტყმით მოუტანა.
საქართველოს ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ორი შეხვედრა დათმო, თუმცა ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ორივე შეხვედრაში დაიმსახურა გულშემატკივართა კომპლიმენტები. პირველი მატჩი საქართველომ შვედეთთან სტუმრად 1:0 წააგო. მესამე დაპირისპირებას ქართველები ათენში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, 31 მარტს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გამართავენ.
სალომე ჩარკვიანი
Comments