ყოველკვირეულად უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე ოფიციალურად 5 700 ფაქტია დათვლილი, მაგრამ ეს ის ციფრია, რომლის უკანაც ათასობით დამალული ისტორია და ადამიანი დგას, რომლებიც ვერ ბედავენ ხმის ამოღებასა და საკუთარი თავის დაცვას. 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში მოკლეს 9 ქალი და ადგილი ჰქონდა 3 ქალის მკვლელობის მცდელობას.
გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად გაეროს ქალთა ორგანიაცია საქარველოში სხვადასხვა ორგანიზაციებთან და,მათ შორის, მთავრობასთანაც თანამშრომლობს. 2010 წლიდან ქვეყანას ფინანსურ დახმარებას შვედეთი უწევს, ხოლო 2016 წლიდან კი ევროკავშირის დელეგაცია აფინანსებს.
ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აღნიშნული ფაქტის პროვოცირებას ახდენს არის სიჩუმე. ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად არ საუბრობენ ამის შესახებ მანამ, სანამ საქმე უკიდურესობამდე არ მივა. ქალებს დიდიხნის განმავლობაში უნერგავდნენ აზრს, რომ ბავშვს სრულფასოვან ოჯახში ცხოვრება სჭირდება, ორივე მშობელის გვერდით და ძალადობის შემთხვევაში თმენის ვალდებულება გვაკისრია, რათა უკვე აღნიშულ მიზეზებთან ერთად ასევე საზოგადოებამ არ მოახდინოს ქალისაკენ ხელის გაშვერა. მორალურ ‘’ტერორში’’ ყოფნას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.
პრობლემის პრევენციის მიზნით ფუნქციონირებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში დახმარება აღმოუჩინონ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ორგანიზაცია ‘’საფარი’’ 2001 წლიდან ფუნქციონირებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციას ასრულებს. მისი ამჟამინდელი დირექტორი, იურისტი, ქალთა უფლებების დამცველი და ცნობილი ფემინისტი ბაია პატარაია ამბობს, რომ პანდემიის დროს სპეციალურად ქალებისთვის ითარგმნა მობილური აპლიკაცია,
’ რომლით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. უფრო დეტალურად ამ წამოწყების შესახებ თავად ბაიამ მოგვაწოდა ინფორმაცია: ’’ გოგოებისთვის არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს. ქართულად ვთარგმნეთ მობილური აპლიკაცია. ის ქალებისთვისაა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმიც აქვს. პროფესიონალების კონსულტაციების მიღება უფასოდ შეიძლება. საფრთხის დროს კი SMS-ებით თქვენს ლოკაციას შეატყობინებთ ახლობლებს და თუ საჭიროა, პოლიციასაც. ჩვენს რეალობაში ეს არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ, ქალებმა თავი მეტად დაცულად ვიგრძნოთ.’’
ფემიციდის და ოჯახებში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მომრავლების მიზეზების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ანა ლაშქარაშვილის განცხადებით, რომელიც 2020 წელს ამ მზარდ სტატისტიკას აკვირდებოდა და სწავლობდა, ამის გამომწვევი ერთ-ერათი მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული სტრესია: ‘’ფემიციდის მხრივ საქართველოში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, მართალია ეს მონაცემები 2020 წლამდეც არ იყო სახარბიელო, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიამ უარესად იმოქმედა. მოსახლეობაში მოიმატა სტრესმა, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ შიშით, ხოლო მეორე მხრივ კი იმით, რომ ისედაც პრობლემურ ოჯახებში დიდი დროის შინ გატარებამ პროვოცირება გაუწია დაპირისპირებებს. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას ჩემი და ჩემი კოლეგების პაციენტების საერთო სურათი იძლევა.’’
მიმდინარე წლის 23 ივნისს ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში საზარელი ფაქტი გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ სცადა მამაკაცმა საკუთარი ყოფილი შეყვარებულის ცოცხლად დაწვა ბენზინის საშულებით. ჩვენთან საუბრისას სევა შამონიანი ამბობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ახლა ფიზიკური და მორალური რეაბილიტაციის მძიმე კურსს გადის: ‘’ურთიერთობის დაწყებიდან ჩემს შეყვარებულს მალევე ჰქონდა ძალადობის მცდელობა, ამ ფაქტის შემდეგ მაშინვე დავშორდი, რადგან ისედაც ხშირად მესმოდა მსგავსი ფაქტები და შემეშინდა, ამასთან ერთად ისედაც მიუღებელია ასეთი ქცევა ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხდა ის, რაც ყველამ იცის. ძალიან რთული და მტკივნეული დღეები გადავიტანე, რომელიც დღესაც გრძელდება, წინ რეაბილიტაციის გრძელი გზა მელის.’’
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ მხრივ იკვეთება არის შესაბამისი ძალოვანი ორგანოების ხშირად უფუნქციო და გულგრილი დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ. ინტერნეტ ჯგუფში, რომელიც სწორედ ასეთი ფაქტების აღმოფხვრასა და მსხვერპლების დაცვას ემსახურება, ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ პოლიციამ ან არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება მსგავსი საჩივრის მიმართ, ან კი ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი, რამდენიმე გოგონა საუბრობს იმის შესახებ, რომ მოძალადის პოლიციის წარმომადგენელთან ნათესაური კავშირის გამო არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს. ძალადობის ფაქტის ერთერთი თვითმხილველი ნინო მართიაშვილი იხსენებს: ‘’ ქუჩაში შევესწარი ფაქტს კაცი ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, ის კი დახმარებას ითხოვდა. დავრეკე პატრულში, იმდენად გვიან მოვიდნენ, რომ სიტუაცია უკვე ჩაწყნარებული იყო. ავუხსენი რაც ხდებოდა და თქვეს, რომ შესაძლოა ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ და უბრალოდ კამათს ჰქონოდა ადგილი. როდესაც ვუთარი, რომ ქალი შველას ითხოვდა, მითხრეს რომ ეს ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, ან მომეჩვენა. მეორე დღეს დამირეკეს, განყოფილებაში მივედი და მითხრეს, რომ კამერებზე არაფერი ჩანდა, არადა არასწორ დროს აჩვენებდნენ. როგორც იქნა დავარწმუნე, რომ მართლა მოხდა ფაქტი, მაგრამ როგორც ვიცი ამას რეაგირება არ მოყოლია და არც გულისყურით მოეკიდნენ საქმეს."
ფემიციდის გარდა ქალებზე ძალადობის ერთერთი გავრცელებული ფორმაა სექსუალური ძალადობა, მას ყოველი სამი ქალიდან ერთი მაინც განიცდის. უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ სექსუალურიძალადობისადმი უფრო გახსნილი და შეუწყნარებელი გახდა, თუმცა , მიუხედავად ამისა, არ განელებულა ამ პრობლემის სიმწვავე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 7479 შემთხვევა დააფიქსირდა. ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 7479ქალია, რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7030 შემთხვევაში მამაკაცი იყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ 2019 წლის მონაცემებია, მიმდინარე 2021 წელი ჯერ არ შეჯამებულა, თუმცა უფლებადამცველები ამ ციფრების მკვეთრ ზრდას წინასწარმეტყველებენ და კოვიდ-19-ის პირობებში მას ჩრდილოვან პანდემიად მოიხსენიებენ.
ავტორი: ლუიზა თედორაძე
Comments