არ გაგიკვირდეთ, თუ საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი ამბების გაშუქებისას, სხვადასხვა ტელეარხზე, კონკრეტული ამბის სხვადასხვა ინტერპრეტაციას მოისმენთ. მიკერძოებულობა და არაობიექტურობა განსაკუთრებით პოლიტიკური ამბების გაშუქებისას იჩენს თავს და , თავისუფალი ქართული მედია უკიდურესად პოლარიზდება. სხვადასხვა სატელევიზიო საშუალება რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას გადმოგვცემს. ერთი და იგივე ფაქტი განსხვავებული კუთხით შუქდება.ეს პროცესი არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ სოციალურ მედიაშიც ფესვგადგმულია. კონკრეტული მედიასაშუალებები აუდიტორიას არ აძლევენ არჩევანის საშუალებას, გაიაზროს ობიექტური ინფორმაცია.
პოლარიზაცია _ სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებში სხვაობის გაზრდა, დაპირისპირება. ეს განმარტება პოლიტიკურ კონტექსტში უფრო მიესადაგება ქართულ მედიას.
პოლარიზებით მედია გამოხატავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიციას და ორიენტირებულია რეიტინგზე, შედეგად საზოგადოების არაჯანსაღ დაყოფას ვიღებთ. პოლიტოლოგ, მეთიუ ლევენდუსკის თქმით, მიკერძოებულ მედიასაშუალებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ, როგორც მოსახლეობაზე, ისე სხვა მედიაორგანიზაციების დღის წესრიგსა თუ პოლიტიკურ ელიტაზე.
ქართულიმედია გარემო პლურალიზმით ხასიათდება, თუმცა მკვეთრად პოლარიზებულია. მედიის პოლარიზებული ხასიათი იკვეთება იმ უარყოფით შედეგებში, რაც ქმნის „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ დამოკიდებულებას და წინაპირობაა ისეთი არასწორი პოლიტიკური პროცესების, როგორიცაა პოლიტიკური უფუნქციობა, კერძო პოლიტიკურ ინტერესებზე ორიენტაცია და კანონმდებლობის ხშირი ცვლილება პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ინდივიდების სასარგებლოდ( საია,საქართველოს მედიაგარემო 2016-2020 წლებში.).
გამოსავალი ამ ჩიხიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა, რათა მედიამ გაითავისოს თავისი ძირეული ფუნქცია. კერძოდ, პოლიტიზირებული მიდგომები უნდა შეიცვალოს მედიის შესაბამისი სტანდარტებით, ადამიანის უფლება, ფლობდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას, მედია სიმართლესთან შესაბამისობას უნდა ქმნიდეს ფაქტის გაშუქებისას.
თამარ არჩვაძე
Comments