რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისს ეწვია. კოვიდრეგულაციების, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გვერდის ავლით, პოზნერმა 50 მეგობართან ერთად რესტორანში გაატარა საღამო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი?
ვლადიმერ პოზნერი რუსი ვეტერანი ტელეწამყვანი და ჟურნალისტია. დაიბადა საფრანგეთში, გაიზარდა ნიუ-იორკში და თავისი კარიერი საბჭოთა კავშირში კგბ-ს დეზინფორმაციის განყოფილებაში დაიწყო. იგი ერთ-ერთ რუსულ არხზე თავის თავს ღიად უწოდებს საბჭოთა კავშირის “პროპაგანდისტს”.
პოზნერი ხშირად იყო მიწვეული დასავლურ ტელეგადაცემებშიც, სადაც ამართლებდა საბჭოთა კავშირის ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა “პრაღის გაზაფხული”, 1978 წელს ავღანეთში შეჭრა და სამოქალაქო კორეული თვითმფრინავის ჩამოგდება.
ვეტერანი ჟურნალისტი თავს რუსად არ მიიჩნევს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მისი განცხადებები და შეხედულებები, რომლებიც თანხვედრაში მოდის რუსულ იდეოლოგიასა და პუტინის პოლიტიკასთან.
პოზნერის “გადაწერილი ისტორია”
წარმოიდგინე, შენი სახლის მეზობელი გამოდის და ხმამაღლა ყველას ეუბნება, რომ შენი ეზო და ბაღი, რომელიც წინაპრების დანატოვარია, მის ოჯახს ეკუთვნის. შენ ზუსტად იცი, რომ იტყუება, მაგრამ ის მაინც ხმამაღლა, თავდაჯერებულად აგრძელებს მეზობლებისთვის ამბის მოყოლას.
რას იზამ? გაბრაზდები?!
სწორედ ასე იქცევა ვლადიმერ პოზნერი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ენით ლაპარაკობს. რუსი ჟურნალისტი 2008 წლის “აგვისტოს ომის“ დამწყებად საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიიჩნევს, ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს და პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
წყარო: ”გირჩი-მეტი თავისუფლება“
ქართველების სტუმართმოყვარეობის ამბავი ცნობილია- მაშინ რა მოხდა, რატომ მოჰყვა პოზნერის ვიზიტს ქართველი ხალხის გაღიზიანება?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივი და ლაკონიურია - ქვეყანაში პანდემია მზინვარებს და საქართველოს მოქალაქეებს თვეებია შეზღუდვების პირობებში უწევთ ცხოვრება. ამ დროს, ოკუპანტი ქვეყნის მესიჯბოქსებით მოსაუბრე ვლადიმერ პოზნერს ეძლევა უფლება კომენდანტის საათი დაარღვიოს, გადაადგილდეს თავისუფლად და 50 სტუმართან ერთად რესტორანში გაატაროს საღამო. ლოგიკურია, ქვეყანაში არ უნდა მოქმედებდეს პრინციპი “ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები”, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება მათ, ვინც პატივს არ სცემს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ერთმორწმუნე მტერი თუ მეგობარი?!
დღემდე გრძელდება დავა იმის შესახებ რუსეთი ერთმორწმუნე მტერია თუ მეგობარი. თუკი ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, თქვენი დამოკიდებულება კი რუსული პროპაგანდის ენით მოსაუბრე ადამიანებისადმი არაერთგვაროვანია, გაეცანით ქვემოთ მოცემულ თაიმლაინს, რომელიც მოგიყვებათ საქართველოსა და რუსეთის მრავალწლიანი ურთიერთობის შესახებ. იმოგზაურეთ “დროის ღერძზე“ და ფაქტებისა და მოვლენების საფუძველზე იპოვეთ პასუხები გაუცემელ კითხვებზე.
댓글