top of page
Writer's pictureGiorgi Sanadze

პაპას ნუკრიანი

Updated: Apr 21, 2021

ქვემო ნუკრიანალებს არ გაუმართლათ, იქ არც სტადიონია, არც ცენტრი და არც პარკი. ვერც მშვენიერი ხედებით დაიკვეხნიან და ამბავიც ყოველთვის ზემო ნუკრიანში ხდება. სამაგიეროდ ვენახები აქვთ ახლოს, რაც მანქანის გამოგონებამდე ზემო ნუკრიანელებთან დიდ უპირატესობასა და პრივილეგიას ანიჭებდა მათ. ზემო ნუკრიანში, ჭოტრის გზას ბოლომდე თუ გაუყვებით ყოფილ ტურბაზას მიადგებით. პაპა ამბობდა იქ კახეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილიაო. ფიჭვნართან ტურბაზის ნანგრევებია, რომელიც ვიღაცას ავტოსკოლად უქცევია. ნანგრევებში ერთი გორაა, საცურაო აუზის გვერდით. აი „მეფე ლომში“ მაიმუნს სიმბა რომ ხელში ეჭირა ისეთი. ჰოდა იქიდან შესანიშნავი ხედია, ნუკრიანი ჩანს, სიღნაღი, გალავანი და შეუდრეკელი მთები. „ბრმა კლდეც“ ჩანს. „ბრმა კლდე“ ნუკრიანში ნაგავსაყრელია, არ ვიცი მართლა ასე ჰქვია თუ პაპა იგონებდა ჩვენზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მოკლედ, „ბრმა კლდეში“ სოფლის მცხოვრებლები ნაგავს ყრიდნენ, საიდანაც მერე ჩემთვის უცნობ ადგილას მიჰქონდათ.

„ბრმა კლდესა“ და ჭოტორს შევეშვათ და ცენტრისკენ წავიდეთ. ცენტრიდან „მარტაანში“ უნდა აუხვიოთ, გასცდეთ სოფლის გამგეობის შენობას, ავთოიას ხის დამპალი, უსწორმასწორო, მორყეული მორებით შემოღობილ სახლს და მიადგებით პაპას ეზოს. ჩვეულებრივი ჭიშკარია, არაფრით გამორჩეული, თუმცა მე სულ ისეთ ჭიშკრად მიმაჩნდა, „გლადიატორში“ მაქსიმუსი რომ იშვერს ხელს სიკვდილის წინ. ეზოში შესვლისას, პირველი რასაც შეამჩნევთ დიდი კაკლის ხეა, რომლის ერთადერთი ფუნქციაც ზაფხულში ჩინებული ჩრდილის შექმნაა, ყოველთვის იქ ვაბამდით ჰამაკს. ნიავი, რომელიც ჰამაკს ბუნებრივად არხევს, ერიხ მარია რემარკის დაუნდობელი რომანები და ცივი, თითქოს სევდიანი იუმორი. ველოსიპედით მოვლილი სოფელი, ცნობისმოყვარე პაპები რომ შენს დასანახად კისერს მოსაგრეხად არ იშურებენ, შემდეგ ისევ ჰამაკი და მზადება სადილისთვის. დღის მთავარი პროცესი. როცა ხმაურიანი ბიძაშვილები ჩუმდებიან და დიდი ინტერესით აკვირდებიან, რა იქნება დღეს სადილად. როცა ყოფილ ასტრო-ფიზიკოს პაპაში გორდონ რემზი იღვიძებს, შენ კი მისი ასისტენტი ხარ და ზედმიწევნით ასრულებ მის მითითებებს, ჭრი სალათს, მეზობლის ეზოში ახალმოკრეფილი კიტრისა და პომიდვრისგან შემდგარს. მთავარი დეტალი მაინც შუშის ბოთლის არჩევაა, რომელშიც ცივი ღვინო უნდა ჩამოისხას. და ეს ღვინო, რა თქმა უნდა, პაპასია და მხოლოდ ღვინო არ გეგონოთ, ის არის, რომლის მეშვეობითაც განიხილავ ნიცშესა და შოპენჰაუერს, განიცდი აკაკი აკაკიევიჩ ბაშმაჩკინის ბედს გოგოლთან ერთად, უსმენ კარუზოს და პავაროტის, რომელიც კარუზოზე მღერის, გწყინს, რომ რობერტინო ლორეტიმ ანგელოზის ხმა დაკარგა და ახლა მხოლოდ რესტორნებშიღა თუ ისმენენ მის ხმას, თანაც გარეგნობითაც აღარ ჰგავს ანგელოზს. და ბოლოს დესერტი. კახური ნაყინი, ანუ საზამთრო. მხოლოდ პაპამ იცის როგორ გაჭრას საზამთრო ისე, რომ ყველაზე ტკბილი ნაჭრები, ანუ გული შენ შეგხვდეს და სტუმრებმა უბრალო ნაჭრები გაინაწილონ. ვიშლებით, მე მანსარდაში ავდივარ, იქ ვკითხულობ ან თუ ბიძაშვილები ხმაურობენ ვახტები ჩემს ველოსიპედს, რომელიც რამდენიმე ჭიქის შემდეგ საოცრად ჰგავს ალექსანდრე მაკედონელის ბუცეფალს და მივდივარ გონგორაზე. იქ სიწყნარეა, შუადღეს არავის აინტერესებს გონგორა. ქანდაკება, რომელიც მედუზა გორგონას ჰგავს და რაღაც სასოწარკვეთილზე მიგვანიშნებს ხელებით მოწყენილია. კახელებმა მას არქიტექტორის სიდედრი დაარქვეს და ალბათ ეს ახლაც სწყინს. იქაც ჰამაკია, სხვისი, მაგრამ ჰამაკი ჰამაკია. ჩანთა, რომელშიც წიგნი მიდევს ველოსიპედის ტარების დროს მაწუხებს, მაგრამ ღირს მსხვერპლის გაღებად. უკანა გზაზე ჩვენს მეორე ეზოს ვხედავ. ორჯერ უფრო დიდია ვიდრე პირველი, თუმცა ცარიელია, სახლი არ არის. ვგეგმავ, რომ იქ სახლი უნდა ავაშენო და ოდესღაც მეც პაპასავით ვიქნები.

წმინდა სალოცავებსა და ზედაშეზე ბევრს ამბობენ. და მე არ მჯერა, რამდენად რელიგიური ადამიანიც არ უნდა იყო, როგორ შეიძლება ეს არ იყოს შენთვის წმინდა სალოცავი? ადგილი, სადაც ყველაზე მეტი მოგონება გაქვს და ადგილი, რომელიც დედამიწის დასათვალიერებელი ხომალდია, ოღონდ ეს მხოლოდ შენ იცი. და პაპამ.

7 views0 comments

コメント


bottom of page