top of page
Writer's pictureNino Tchkoidze

ნაცნობი უცნობები


მელიქიშვილის ქუჩის კუთხეში, იქ, სადაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტები იმართება ხოლმე, ქალი ზის. მოხუცი მოწყალებას თავდახრილი ითხოვს, უხმოდ; მადლიერებით სავსე თვალებით კი მხოლოდ მათ უყურებს, ვინც მისთვის ხურდას გაიმეტებს.


მათთვის, ვინც ამ ქუჩაზე ყოველდღე დადის, ეს ქალი უცხო არაა, მაგრამ მისი სახელი და ისტორია მაინც არავინ იცის. მივდივართ, მოვალეობის მოხდისა თუ უბრალო სიბრალულის მიზნით ვეხმარებით და ჩვენს გზას ვაგრძელებთ.


თბილისში უკვე ყველა ქუჩას ჰყავს ასეთი მუდმივი ბინადარი. მათი ერთადერთი თავშესაფარი მუყაოს ყუთის ნაგლეჯი და ხალხმრავალი ქუჩის კუთხეა.

 

ქვეყნაში, სადაც მოსახლეობის მეხუთედზე მეტი უმუშევარია, მოწყალებას მხოლოდ მოხუცები კი არა, შრომისუნარიანი მოქალაქეებიც ითხოვენ. ზოგი მუდამ ხელგაწვდილი ზის, ზოგიც იმას აკეთებს, რაც შეუძლია.


მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ გზაზე ყოჩივარდების გამყიდველ კაცსაც შეამჩნევთ.



იანვრის ბოლოდან იგი ჩვეულ სამუშაოს უბრუნდება და თავის გადარჩენას ამ გზით ცდილობს. მასაც ბევრი იცნობს, ღიმილითაც ესალმებიან გამვლელები, მაგრამ, ალბათ, არც ადრიანი გაზაფხულის ყოჩივარდების ლარად გამყიდველი კაცის სახელი იცის ვინმემ.


მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი არც განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე შეცვლილა; ან, თუ შეიცვალა, ალბათ, გაიზარდა მხოლოდ. აქ მყოფთა სახეებიც კარგად ვიცით ყველამ, ამ ადამიანებსაც ვხედავთ ყოველდღე, მაგრამ, ტრადიციულად, მათი ისტორიები ჯერაც უცნობია ჩვენთვის.


კი, ბევრი რამ შეიცვალა ჭავჭავაძეზე, მათ შორის, ლომბარდებსა და ვალუტის გამცვლელ ჯიხურებზე წითლად ანთებული ციფრები.

დოლარი - 3.4, ევრო - 4.01... აი, ზემოთ განგაშის ფერი ციმციმებს აბრაზე, ქვემოთ კი ლომბარდიდან გამოსულ მამას მოთმინებით ელის ხელჩაკიდებული შვილი.


ამ მამა-შვილსაც თავისი ამბავი აქვს, ჩვენთვის უცნობი ისევე, როგორც იქვე მიმავალ კაცს, რომელიც ხელში თანხას რამდენჯერმე ითვლის და თითოეულ კუპიურას დაკვირვებით ამოწმებს.


ქვეყანაში არსებული ვითარება სახარბიელო ნამდვილად არაა, თანაც ახლა, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით. ვინ იცის, რა იმალება ადამიანთა გაწვდილი ხელის, სევდიანი თვალებისა და სასოწარკვეთილი გამომეტყველების მიღმა. ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ მათ შესახებ არაფერი ვიცით. არადა, ვინ იცის, რა აქვთ სათქმელი ჩვენთვის, რა ისტორიას ინახავს თითოეული მათგანი.



P.S.

ალბათ, ამ ცუგასაც ბევრი იცნობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მას თავშესაფარი თუ არა, საკვები მაინც აქვს, მაგრამ სიყვარული ხომ ყველას სჭირდება?! სწორედ უსიყვარულობა იკითხება მის თვალებში.

ვინ იცის, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაგდებული 10-20 თეთრის გარდა, იქნებ სწორედ სიყვარულსა და სითბოს ეძებენ ის ადამიანებიც, მოწყალებას რომ ითხოვენ ქუჩებში.



ნინო ჭყოიძე


11 views0 comments

Comments


bottom of page