თბილისის ქუჩებში რამდენიმე წელია, რაც გამოჩნდა ეგრეთ წოდებული „მოტოები“ და „სკუტერები“ რასაც მოჰყვა იმ საკურიერო მომსახურებების გაჩენა, რომლებითაც ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ. ფაქტია, რომ ქალაქს დიდი სარგებელი მოუტანა ახალმა ტრანსპორტმა, რადგან ნაკლებია გამონაბოლქვი, მეტად ეკოლოგიურია, მეტად ეკონომიურია და შეამცირა თბილისის ქუჩებში საცობების რაოდენობაც. რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის ეს გახდა მარტივი და ჯანსაღი შემოსავლის წყარო. იგი სტუდენტებისთვისაც იდეალურია, რადგან მარტივად შესაძლებელია დროის სწორი გადანაწილება და მუშაობისსწავლასთან შეთავსება. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე აქტიურად გვხვდება “BOLT”, “GLOVO”, “WOLT”, “ELVIS” და სხვა საკურიერო მომსახურებები, რომლებიც უმეტესწილად ორიენტირებულები არიან მომხმარებელს მიაწოდონ საკვები პროდუქტი ადგილობრივი რესტორნებიდან თუ მაღაზიათა ქსელიდან და ამ კომპანიებში დასაქმებული მოსახლეობის უმრავლესობაც ახალგაზრდაა.
გარდა ამისა, მოპედი იდეალური საშუალებაა ქალაქში მარტივი გადაადგილებისთვის და მისი მძღოლებიც „მოქნილად იცილებენ თავიდან“ საცობებს, რაც განაპირობებს მათ ოპერატიულობასა და სისწრაფეს. მოპედის ფასი დაახლოებით 1200 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს და გაცილებით ცოტა საწვავი სჭირდება, ვიდრე ავტომანქანას.
აღსანიშნავი ფაქტია, ისიც რომ ბოლო პერიოდში არა მარტო ბიჭებს, არამედ გოგოებსაც ხშირად შევხვდებით მოპედით რომ გადაადგილდებიან და კურიერად მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა არის 23 წლის სალომე ჯაბაშვილი, რომელიც კომპანია გლოვოს კურიერია.
„ამ ეტაპზე სტუდენტი ვარ, აგრარულ უნივერსიტეტში, ვეტერინარიას ვსწავლობ, თუმცა ბოლო ერთი წელია, აკადემიური მაქვს აღებული. პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლება არ მომწონდა, თანაც ვეტერინარიაზე, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ახლა როდესაც მთელი დღე ქალაქში ვარ და მოპედით ვმგზავრობ, უფრო მეტად ვამჩნევ რამდენი უსახლკარო ცხოველია თბილისში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ მხირვ, მათ უმრავლესობას სხვადასხვა დაავადება და პრობლემა მაქვს. ძირითადად კი შეფარებულებიც არ არიან. ეს ამბავი ნამდვილად მისახედია: მეტი თავშესაფარია საჭირო და მეტი დაფინანსება მთავრობის მხრიდან. Glovo-ში მუშაობა წინა ზაფხულს დავიწყე. თავისუფალი გრაფიკი ყველაზე მეტად მომწონს, რადგან ჩემი ცხოვრების: ინტერესების, სწავლისა და მუშაობის დაბალანსების საშუალებას მაძლევს. თანაც გარეთ ყოფნა, მოძრაობა, ბევრ ხალხთან კომუნიკაცია, ახალი ნაცნობები ძალიან მომწონს. ზოგ მომხმარებელს ძალიან უკვირს, როდესაც მათთან გოგო გლოვერი მიდის, ზოგი მაქებს და მოსწონს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. „ - ამბობს სალომე
გარდა მოპედებისა გასულ ზაფხულს აქტიური გახდა, ეგრეთ წოდებული, „ელექტრო სკუტერები“, „scroll”-ებირომლებიც თბილისის, ბათუმის და უკვე ქუთაისის ქუჩებშიც შეგვხვდება. სქროლის სკუტერის მომხმარებელი მე თავადაც ვარ, თუმცა სანამ უშუალოდ ამაზე მოგიყვებით, აგიხსნით, რა არის სქროლი და როგორ მუშაობს ის. ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე სკუტერებია დაყენებული, აპლიკაციის საშუალებით მათ ადგილმდებარეობას პირდაპირ რეჟიმში ხედავ და ნახულობ, რომელია შენთან ყველაზე ახლოს. მიდიხარ ნებისმიერ მათგანთან, აპლიკაციას კამერით სკუტერზე მიკრულ QR კოდს დაანახებ, შემდეგ დააჭერ Unlock-ს და სკუტერი აქტიურია. შემდეგ, როდესაც დანიშნულების ადგილას მიხვალ, სკუტერიდან გადმოხვალ, აპლიკაციაში მგზავრობის დასრულებას მიუთითებ და ცხოვრებას გააგრძელებ (კი, სკუტერი შეგიძლია დატოვო და დაივიწყო, თუმცა აუცილებელია, რომ გაჩერების წესები დაიცვა).
როდესაც სქროლის გამოცდა გადავწყვიტე არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა, რადგან აქამდე სკუტერზე არასდროს ვმდგარვარ. პირველ რიგში აპლიკაცია გადმოვწერე, დავრეგისტრირდი და მას ბარათი მივაბი. შემდეგ კი გარშემო სკუტერების ძიება დავიწყე. ყველაზე ახლო სკუტერი მაჩაბლის კუთხეში დამხვდა, რაც ლესელიძიდან (ჩემი ადგილმდებარეობის წერტილი) სულ რაღაც 5 წუთის სავალი იყო. მასზე დადგომის შემდეგ საჭიროა სკუტერი ფეხით ოდნავ გააგოროთ, შემდეგ კი აჩქარებას დააჭიროთ და მგზავრობა დაიწყოთ. სკუტერის გააქტიურება ღირს 1 ლარი, ყოველი წუთი კი 35 თეთრი. ფასი მოჭრილი ან დინამიკური არ არის, ის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დროის განმავლობაში იმგზავრებ. კორონავირუსის გამო სკუტერებს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კომპანია Bird-ის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაციის დაცვით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ნამდვილად არის ჩვენი ახალგაზრდული გზა ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ურბანულ თავისუფლებას შორის და უდაოდამშვენებს ხალხმრავალ ქუჩებს. იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ნაკლებად დაბინძურდეს გარემო და მეტად შევეჩვიოთ ჯანსაღ, ფიზიკურ თუ ეკოლოგიურად სუფთა აქტივობებს ისევ გაგრძელდება და დროთა განმავლობაში მეტად მრავალფეროვანიც გახდება.
ავტორი: თათია გუცაშვილი
(ფოტოები გამოყენებულია გუგლის დახმარებით)
Comments