top of page
Writer's pictureსალომე ამირიძე

მამაცი ქალი თეირანიდან

Updated: Mar 30, 2021

ჩემი პორტრეტის მთავარი გმირი მარჯან სატრაპია, ქალი, რომელსაც საოცრად განსხვავებული, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. მისი ისტორია ადრეული ასაკიდანვე გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო, უამრავი ისეთი სირთულით, როგორიც ჩვენთვის უცნობია. მარჯანი დაიბადა 1969 წლის 22 ნოემბერს, ირანის ქალაქ რეშთში. საკუთარ თავზე ბავშვობიდანვე გამოსცადა ისლამური რეჟიმის სისასტიკე და დაუნდობლობა. იზრდებოდა თეირანში, საშუალო კლასის ოჯახში. თუმცა მას ერთ რამეში ძალიან გაუმართლა, ეს მისი ოჯახია. 1960-70-იანი წლების ირანი განსაკუთრებულად სასტიკი და დაუნდობელი იყო. რევოლუციას ემატებოდა ომი ერაყთან, შაჰის ჩამოგდება. სიმკაცრე და დაწესებული ნორმები ბატონობდა, ამ ნორმებიდან გადახვევას კი საზოგადოება არავის პატიობდა, განსაკუთრებით კი ქალებს. ისინი ვერ იტანდნენ თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს. სწორედ ამ გარემოში ვითარდებოდა მარჯან სატრაპის ცხოვრება, მაგრამ ის ირანელი ბავშვების და ქალების უმრავლესობას არ ჰგავდა, ადრეული ასაკიდანვე მწიფდებოდა მასში მეამბოხე გოგონა, რომელსაც სურდა ჩარჩოების დამსხვრევა, თავისფულება. მისი ოჯახიც გამორჩეული იყო, რელიგიური ფანატიზმს უპირისპირდებოდნენ, რაც იმ პერიოდის ირანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. 70-იანი წლების ირანში ქალების მთავარი „დანიშნულება“ ხომ გათხოვება და ბავშვების გაჩენა გახლდათ, მათ ოჯახისთვის უნდა მიეხედათ, მთელი თავიანთი არსება ქმრისთვის მიეძღვნათ და, რა თქმა უნდა, არანაირი განათლება. სწორედ ამ დოგმებს ეწინააღმდეგებოდა მარჯანის ოჯახი, დედა და მამა მას აჩვენებდნენ განათლების უპირატესობას, რაც იმ განუვითარებელ სახელმწიფოში თავისუფლების გარანტიას იძლეოდა. სხვა ოჯახებისაგან განსხვავებით ასწავლიდნენ, რომ ის „ქალი“ კი არა, პირველ რიგში, „ადამიანი“ იყო. „ჩემთვის არასოდეს უთქვამთ,“შენ გოგო ხარ” ან “შენ ბიჭი ხარ”. ამის მაგივრად მეუბნებოდნენ: “ადამიანისთვის შესაძლებელი ნებისმიერი რამ, შეგიძლია გააკეთო შენც”. საყვარელი საქმე უნდა აღმოეჩინა, რისი გაკეთებაც მისთვის საინტერესო იქნებოდა და არა გათხოვილიყო ადრეულ ასაკში, თავი ოჯახისათვის მიეძღვნა და მასში ქალი ჩაეკლა, ქალი რომელსაც სიცოცხლე სურდა. სწორედ ოჯახისგან იცოდა, რომ უნდა ჰქონოდა განათლება, აუცილებლად ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი, რადგან გათხოვილი ირანელი ქალი, განათლების გარეშე, ქმართან დაშორებასაც ვერ ახერხებდა, დამოკიდებული იყო მასზე, უნდოდა ეს თუ არა. მიუხედავად მისი რთული ცხოვრებისა, მარჯან სატრაპი არასდროს დანებებულა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ირანის დაუნდობელი ტრადიციები, მარწუხები, რომელიც ახალგაზრდობას ანადგურებდა, წარუმატებელი ქორწინება, იყო ბევრი დაცემა, თუმცა ხელი არასდროს ჩაუქნევია და წინ სვლას განაგრძობდა. დღეს ის შემდგარი ქალი გახლავთ, წარმატებული კარიერით. არის გრაფიკული რომანისტი, ილუსტრატორი, საბავშვო წიგნების ავტორი, კინორეჟისორი.


შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და გახმაურებული ნაშრომი. ეს არის ავტობიოგრაფიული, გრაფიკული რომანი „პერსეპოლისი“. მარჯან სატრაპმა ეს რომანი 2002 წელს გამოსცა, ხოლო მოგვიანებით, 2007 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმის სახით. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მან ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

რაც უფრო მეტი განათლებული ქალი გვეყოლება, მით უფრო განათლებული საზოგადოება გექნება. ეს არ არის “ფემინისტური წინასწარგანწყობა”, ეს - ფაქტია–ამბობს ის.











12 views0 comments

Comments


bottom of page