„კარგი მეკარე ნახევარ გუნდს ნიშნავს“. ლეგენდარული მეკარის, გია ბაბუაძის მოსწავლეებმა ეს ფრაზა კარიერის დასაწყიშივე უნდა იცოდნენ. გია მაგარი მეკარე იყო, ერთ თამაშში სამი პენალტიც აქვს მოგერიებული. მწვრთნელი, ვაღიაროთ დიდად წარმატებული არ არის. ხშირად ეზარებახოლმე მეკარეების საბავშვო ბაღის თავიდან სწავლება, თუმცა რჩევების მიცემა უყვარს და ეს ყოველთვის ძალიან კარგად გამოსდის.
იყო მეკარე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ფეხბურთში თითოეული მოთამაშე მნიშვნელოვანია, როგორც გემზე თითოეულ წევრს, დაწყებული კაპიტნიდან დამთავრებული იუნგით, ყველას თავისი საქმე აქვს, იმისათვის რომ გემმა შტორმს გაუძლოს და არ ჩაიძიროს. მაგრამ მეკარის როლი კიდევ უფრო განსხვავებულია. მინდორზე გუნდიდან ერთადერთია, რომელიც განსხვავებული უფლებებით სარგებლობს. თითოეულ მოთამაშეს ჰყავს დამზღვევი, ფორვარდს ნახევარმცველი აზღვევს, ნახევარცმველს მცველი, მცველს კი მეკარე. აი მეკარის ერთადერთი მეგობარი კი ძელია. მეკარის მიერ დაშვებული ერთი შეცდომა, შესაძლოა, გუნდისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს და სწორედ ამ ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტოს შეხვედრის მიმდინარეობა. ამას ყველა შეამჩნევს და მეკარეც მყისვე მოექცევა კრიტიკის ქარცეცხლში. საფეხბურთო ექსპერტები, ჩემი მეზობელი ზურა და ჯიხურის გამყიდველი სოსო მიწასთან გაასწორებენ გიორგი ლორიას, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ბოლო წუთზე გაუშვა გოლი. და თუ მეკარემ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და გუნდმა მოიგო, ხშირ შეთხვევაში, თუ გიასავით მაინცდამაინც სამი პენალტი არ მოიგერია ერთ შეხვედრაში, მატჩის გმირად მაინც ფორვარდი სახელდება, რომელმაც გოლი გაიტანა ან ნახევარმცველი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა. თუნდაც მცველი, რომლის დამსახურებაცაა, რომ გუნდმა კარი მშრალად შეინახა...
მეკარე ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი უნდა იყოს, გაწონასწორებული, მაგრამ მისი სიმშვიდე მინდორზე არ უნდა შეინიშნებოდეს. ის ერთადერთია გუნდიდან, რომელიც თამაშს კარგად ხედავს უკნიდან. მისი ფუნქციაა უკარნახოს, გაამხნევოს თანაგუნდელები. არსებობენ ექსცენტრიული მეკარეებიც, მაგალითად ოლივერ კანი, რომელიც მზად იყო ერთი შეცდომის გამო საკუთარი თანაგუნდელი შეეჭამა. არიან მშვიდი მეკარეებიც, დე ხეა, კურტუა. ყველა მეკარეს თავისი სტილი აქვს, თუმცა ყველამ იცის, რომ მათი ფუნქცია უმნიშვნელოვანესია და შეიძლება ერთი მატჩის ერთი ეპიზოდი მთელ კარიერაზე აისახოს. აი მაგალითად ლორის კარიუსის შემთხვევა. „ლივერპულის“ პერსპექტიულმა მეკარემ „რეალ მადრიდთან“ მატჩში ორი კატასტროფული შეცდომა დაუშვა, რის გამოც „ლივერპულიდან“ გაუშვეს და თურქეთის ლიგაშიც კი ვერ აუწყია დღემდე კარიერა.
მეკარეებს განსხვავებული ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდებათ და ეს როლი მეკარეების მწვრთნელმა უნდა შეითავსოს. მეკარეების მწვრთნელის საზრუნავი ის სამი ან ოთხი მეკარეა, რომელიც გუნდში ირიცხება და ამიტომაც მათთვის სპეციალური გაკვეთილების ჩატარებაა საჭირო. ოლივერ კანი მის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, როგორ ამზადებდა მისი მწვრთნელი მატჩებისთვის. კარის წინ უცნაური ფორმის საგნებს ალაგებდნენ, რომელიც დარტყმულ ბურთს ისხლეტდა და მიმართულებას უცვლიდა. არაორდინალური ვარჯიშების მოფიქრება, განსხვავებული ქმედება მინდორზე, ეს ყველაფერი მეკარის ფსიქოლოგიას ხელს უწყობს. საჭიროა განტვირთვა საპასუხისმგებლო საქმეში, მოედნის სხვა კუთხით დანახვა.
როდესაც მეკარე ბურთზე გამოდის და ყვირის „მე“, მას ყველა უნდა გაეცალოს და კარგმა მეკარემ გუნდში ეს ავტორიტეტი უნდა დაიმსახუროს.
Comments