თბილისური სივრცე და გარემო რომ შეიგრძნო, ამ ქალაქს რომ დაუახლოვდე და გაუგო აუცილებელია მისი ქუჩები გაიცნო, რომლებიც მუდმივად ყვებიან თავიანთ ისტორიას. ასე მგონია, თბილისს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული რითმი აქვს ცხოვრების, მის ქუჩებში განლაგებული ძველი თუ ახალი კედლებიც განსხვავებულ იერსახეს აძლევენ მას და წარუშლელ კვალს ტოვებენ მნახველზე.
(#ინგოროყვას ქუჩა)
სულ ვფიქრობდი, რომ ამ ქალაქში ყავისფერი აურა იყო... სამწუხაროდ, ამ ბოლოდროს ვფიქრობ, რომ ნაცრისფერი აურა და დეპრესიული ფონი ძალიან იგრძნობა, სწორედ ამას გადმოსცემს ჩემთვის სოლოლაკში ინგოროყვას ქუჩაზე არსებული ძველებური სახლი.
ალბათ ხშირად შეგინიშნავთ სანაპიროდან მარჯანიშვილისკენ მიმავალ გზაზე კუთხეში არსებული წითელი ვაშლები წარწერით “ადამი და ევა.” მიხარია, რომ ამ კედელს არც რესტავრაცია გაუკეთეს არც დაანგრიეს და ზუსტად ის დატოვეს რაც ბავშვობიდან მახსოვს.
რუსთაველის გამზირიდან ქვევით, სანაპიროსკენ რომ ჩამოუყვები, გამოცდები ”მზის საათს” და გადმოხვალ მარჯანიშვილის თეატრამდე გაჭიმულ ხიდს აუცილებლად შენიშნავ მარჯვენა მხარეს, ეგრეთ წოდებულ, “ევროინს კომპანის”, რომელიც არც თბილისს უხდება, არც ამ ადგილს და არც თავად არის ლამაზი... მაგრამ რას ვიზამთ, სწორედ ასეთი უადგილო თუ ადგილიანი, უშნო თუ ლამაზი, შესაფერისი თუ შეუფერებელი შენობები, ქუჩები, ძეგლები, წარწერები, ხიდები, მანქანები და ხალხი ქმნის თბილისისთვის დამახასიათებელ ჰაბიტუსს, ასეთი გამორჩეული და კარგი რომ არის ჩვენთვის.
ავტორი: თათია გუცაშვილი
Comentarios