საქართველო სახელგანთქმულია მულტიკულტურიზმით. რეგიონებსა თუ დედაქალაქ თბილისში, თითქმის ნებისმიერი რელიგიისათვის დამახასიათებელ სალოცავებს შეხვდებით. ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტოლერანტობის, ჰუმანურობისა და პატივისცემის შეგრძნებას სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ. თუკი თბილისის ქუცებში გასეირნებას გადაყწვეტთ, როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში აუცილებლად ნახავთ ერთმანეთისაგან გამორჩეულ სალოცავებს- სინაგოგებს, მეჩეთებს, კათოლიკურ ეკლესიებს. თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია გააჩნია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია.
თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია
თუკი აბესაძის ქუჩის მიმდებარედ გადაწყვეტთ გეზის აღებას, აუცილებლად შეამჩნევთ მაღალ, აგურით ნაგებ სამლოცველოს, რომლის ჯვრული კამარები, ძველი სამრეკლოები, ფრონტონები კლასიცისტური და ნეოგოთიკური ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. მინიმალიზმი, სისადავე, გარდამავალი ტონები, მკვეთრად გამოხატული ფასადები, ვინტაჟები ამ ტაძრის მშვენებაა. მისი მშენებლობა 1804 წლით თარიღდება, რომლის ასაგებად კათოლიკეებს ფართი და 6000 მანეთი გამოუყვეს. 1937 წელს ეკლესია გაუქმნდა, თუმცა ხელახლა, 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის, იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს ამოქმედდა. დღეს ტაძარში წირვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება რომაული კონდაკით.
ტაძრის შესასვლელის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე შეხვდებით ანგელოზის მოზაიკას. გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სიმაღლე აქაც გამოხატულია. საუცხოო ფერები, მკაფიო გამოსახულება მნახველს უთუოდ აღაფრთოვანებს.
ასევე მოზაიკითაა შესრულებული ფრესკა, რომელზეც გამოსახულნი არიან წინასწარმეტყველი ელია, ნიკოლასი და ანასტასია.
ასე გამოიყურება ტაძრის მთავარი შესასვლელი, რომელზეც წერია -"ქრისტე გუშინ და დღეს, დასაბამი და დასასრული".
ტაძრის შიდა ინტერიერი საკმაოდ სადა და მინიმალისტურია-ფირუზისფერი მარმარილო, თეთრი კედლები ფრესკების გარეშე, კლასიკური თაღები. საკურთხევლის წინ შეამჩნევთ სუდარას, რომელიც ყვავილებით არის შემკული მცირე ზომის საკურთხეველში. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია სპორტდარბაზად გადააკეთეს, შესაბამისად ჭირდა მისი ძველი ინტერიერის აღდგენა. 1904 წელს ერმაკოვმა გადაიღო ფოტოსურათი, რომელზეც საკურთხევლის წინ დასვენებული სტეფანე ზუბიაშვილის სასახლე აღბეჭდა.
1998-1999 წლებში ეკლესია, რომელიც კვლავ კათოლიკე მრევლის საკუთრებაში გადავიდა, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის ჯუზეპე პაზოტოს ინიციატივით აღადგინეს (არქიტექტორი ა. სოლომნიშვილი) და ღმრთისმშობლის ამაღლების სახელზე აკურთხეს. ამ განახლების დროინდელია საკურთხევლის მოხატულობა და ანგელოზთა მოზაიკური გამოსახულებები დასავლეთ ფასადზე, კარის აქეთ-იქით.
თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს კათოლიკური ტაძრის ჭერი. კედლის სიბრტყეების ორ იარუსად გამყოფი პროფილირებული სარტყელი და კარნიზი კლასიციზმის რეპერტუარიდან არის ნასესხები.ხოლო ვარდულების ორივე მხარეს გამოყვანილი ცრუ თაღების მსგავსი არქიტექტურული ელემენტები.
ტაძარში მრავლად შეხვდებით ვიტრაჟებს, რომლებიც ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს და სილამაზეს სძენს.
ავტორები: მარიამ გრძელიშვილი
მარიამ ქავთარაძე
თამთა შერმაზანაშვილი
Comments