მინდა ვისაუბრო ფრანგი მწერლის ერიკ ემანუელ შმიდტის პიესის ,,სტუმარის’’ შესახებ, რომელიც ისეთ საკითხს ეხება, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია. დღეს დღეობით ხომ ათეიზმი ყველაზე მეტად გავრცელებულია, თუმცა ადამიანთა უმეტესობა არც კი უღრმავდება რა არის რწმენა, საიდან მოდის ის და რაში გვჭირდება. მე მინდა გაგიზიაროთ შმიდტის პიესის მიხედვით რწმენის არსის ჩემეული გააზრება.
რა არის ადამიანი რწმენის გარეშე? მე ვიტყოდი, რომ არაფერი! რწმენა გარკვეულწილად იმედს ჰგავს, ვინაიდან, როდესაც ვიღაცის ან რაღაცის გწამს, ესე იგი მისი იმედიც გაქვს, იმედი კი შეიძლება ითქვას ადამიანის ერთ-ერთი მაცოცხლებელი რამაა, იმდენად რამდენადაც სახრჩობელის ეშაფოტთან მდგარ სასიკვდილოდ გამზადებულ ადამიანთა რიგში თითოეულს თავზე ყულფის ჩამოცმამდე აქვს იმედი, რომ გადარჩება. იმედი ჩვენთან ერთად კვდება.
ზოგიერთი ადამიანი ისევე, როგორც შმიდტის შექმნილი პერსონაჟი ფროიდი, ამ რწმენასა და იმედს გულის სიღრმეში იმდენად ბნელ კუნჭულს მიუჩენს ხოლმე, რომ შემდეგ თავადაც ავიწყდება მისი არსებობა, მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი და ფროიდის ცხოვრებაშიც ასე მოხდა, როდესაც იმ საგულდაგულოდ გადამალულმა რწმენამ თავი იჩინა და აიძულა ფროიდი, რომ მიეღო, რადგანაც მისი ბედიც გარკვეულწილად წააგავდა სახრჩობელისკენ მიმავალი ადამიანისას, მანაც იცოდა, რომ სიკვდილს რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა. და მაინც , რატომ მოვიდა მასთან იდუმალი სტუმარი სწორედ იმ მომენტში? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ფროიდს მაშინ ყველაზე მეტად რწმენა სჭირდებოდა. მისი არსება იმდენად იყო დაღლილი სხვისი გასაჭირის სმენით, მუდმივი მარტოსულობითა და საშინელი ავადმყოფობით, რომ იმ მომენტში მას ეს სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. ფროიდი არის მაგალითი თანამედროვე კაცობრიობისა, რომელსაც არ უნდა გამიჯნოს რწმენა და მეცნიერება და ღმერთისგან მისი არსებობის დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვს. აგრეთვე მაგალითია იმისა, რომ ადამიანები თავისი საქციელის შედეგებზე პასუხს ღმერთს სთხოვენ და როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათმა ზღვარგადასულმა სიბოროტემ საშინელი შედეგები მოიტანა, ამაშიც ღმერთს ადანაშულებენ თუ რატომ არ შეუშალა მან ხელი ამ ყოველივეს . სტუმრის სახით წარმოდგენილმა ღმერთმა ფროიდს ამაზე შემდეგი პასუხი გასცა: ,, მე ადამიანი თავისუფალ არსებად შევქმენი’’ - რაც ჩემთვის თითქმის ყველა კითხვაზე სცემს პასუხს. ყველაფერ უბედურებაში, რაც გვჭირს, ადამიანის ხელი ურევია.
Comentarios