top of page
ქრისტინე ქათამაძე

„გოგონას ენციკლობედია“ - როცა ქალი ჩაგვრას წიგნის კითხვისასაც კი განიცდის

Updated: Apr 22, 2021

ნატალია ზოტოვას სქელყდიანი სამაგიდო წიგნი „გოგონების ენციკლობედია“ საქართველოში „ბესტსელერია“ - ანუ საუკეთესოდ იყიდება.



ალბათ, ყველანი შევთანხმდებით, რომ ბავშვმა სუფრაზე მოქცევისა თუ საოჯახო საქმეების გაძღოლის წესები აუცილებლად უნდა იცოდეს და ეს მისთვის ისეთივე საჭირო და ცხოვრებაში სასარგებლო უნარ-ჩვევები იქნება, როგორც - მათემატიკისა თუ გეოგრაფიის შესწავლა.


ალბათ, ვთანხმდებით იმაზეც, რომ ეს ცოდნა გოგონებსა და ბიჭუნებს თანაბრად გამოადგებათ და აქ სქესის აღნიშვნა უადგილოა.


მაგრამ...


არა.


ჩვენ ამაზე, თურმე, ვერ ვთანხმდებით და საქართველოში იბეჭდება წიგნი, სადაც კონკრეტულად გოგონებს დაწვრილებით ასწავლიან, რომ სუფრის გაწყობა მათი მოვალეობაა და თოკზე ლამაზად გაფენილი სარეცხი კი - განსაკუთრებული ღირსება.



გოგონებს ამ წიგნში ასწავლიან, რომ დასხდომისას ტერფები აუცილებლად უნდა შეატყუპონ. ამან კარგად გამახსენა, როგორ მსაყვედურობდა სკოლაში ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი ჯდომის მანერის გამო მე, როცა გვერდით ჩემი კლასელი ბიჭები მერხებზე ბიძნური ფეხსაცმელებით იდგნენ. დიახ, იდგნენ და არა - ისხდნენ.


პრობლემის სქესის ჭრილში განხილვას რომ შევეშვათ, წიგნის არსი, ვფიქრობ, მაინც გაუმართლებელია. მასში მოყვანილია პრაქტიკული რჩევები, „როგორ დავრეცხოთ ჭურჭელი“, „როგორ დავაუთოთ ტანსაცმელები“. ამ ყველაფრისთვის უკვე არსებობს უნივერსალური გამოგონება - ინტერნეტი და ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი აქტივობის შესწავლა „იუთუბის“ ვიდეოარხებით, ცოცხალი ილუსტრაციებით შეუძლიათ.



ქალებს ისედაც გვიწევს ჯერ სამსახურში წასვლა (თუკი გაგვიმართლა და გვაქვს), შემდეგ საოჯახო საქმეების კეთება (უი, ან ჯერ საოჯახო საქმეების კეთება და შემდეგ სამსახურში წასვლა ან სულაც მხოლოდ სულ სახლის საქმეების კეთება). ამიტომაც ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო შრეებიდან იმის ჩვენება, რომ „ნამდვილი დიასახლისი“ აღტაცებული მზერით გვის იატაკს, საზოგადოების ობიექტურ პროტესტს ნამდვილად იმსახურებს და დრომოჭმული სტერეოტიპები და გენდერული კლიშეები სწორედ ამ ერთი შეხედვით უწყინარი ილუსტრაციებისა და ბროშურების დამსახურებაა.


თუკი დაგაინტერესებთ, წიგნის დათვალიერება ამ ლინკზე შეგიძლიათ, თუმცა კი ძალიან გთხოვთ, თქვენთვის ძვირფას და საყვარელ გოგონებს დაბადების დღეებზე საჩუქრად ამ ენციკლობედიებს ნუ მიართმევთ.


ავტორი - ქრისტინე ქათამაძე


25 views0 comments

Comments


bottom of page