იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, რომელიც დიდ და ლამაზ სასახლეში ცხოვრობდა...
ალბათ ბევრი ჩვენგან ინატრებდა, გულის სიღრმეში მაინც, რომ ჩვენს ცხოვრებაზე საუბარს ამ სიტყვებით ვიწყებდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ ცხოვრება ზღაპარი არაა და ეს ალბათ უჩემოდაც იცოდით.
ცხოვრება რომ ზღაპარი არ იყო ჯერ კიდევ პატარაობიდან მივხვდი, ბევრად ადრე, ვიდრე ამას ჩვეულებრივ ბავშვები ხვდებიან ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუას წერილებს 12-13 წლამდე აქტიურად ვწერდი, მაინც არ ვუყურებდი სამყაროს ვარდისფერი სათვალით.
კარგად მახსოვს, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ფოსტის შენობა უნდა გამევლო ხოლმე, სადღაც მე-4 კალსელი ვიქნებოდი, როდესაც უკვე ხშირი შემჩნევა დავიწყე ერთი მოხუცი ბაბუიის, რომელიც შენობასთან ყოველდღე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. საოცარი თვალები ჰქონდა, ცისფერი და ბევრისმეტყველი. მოხუცი ადამიანების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება მქონდა, ვფიქრობ ეს ჩემი უთბილესი და უსაყვარლესი ბებია-ბაბუიის დამსახურებაა, რომლებიც, რაღაც მხრივ ჩემს გამზრდელებადაც შემიძლია ჩავთვალო. ფოსტის შენობასთან მჯდომი ბაბუა ყოველდღე სახლიდან-სკოლისაკენ და პირიქით, სკოლიდან- სახლისაკენ "მაცილებდა".
მახსოვს სკოლის ბუფეტისთვის სახლიდან გატანებულ ფულის ნაწილს როგორ ვინახავდი ხოლმე, რომ მისთვის მიმეცა. ძალიან მაინტერესებდა თუ ვინ იყო, რა შეემთხვა ცხოვრებაში ისეთი, რამაც აქამდე მიიყვანა, მაგრამ ამის კითხვას კი არა, ზოგჯერ გამარჯობის თქმასაც ვერ ვბედავდი ხოლმე.
მახსოვს ერთხელ ფულის გადანახვა გადამავიწყდა და მეგობრებთან ერთად მთლიანად ტკბილეულში დავხარჯე, როცა გამახსენდა კი უკანასკნელი "სნიკერსი" ჯიბეში გადავინახე და დიდი ორჭოფობის მერე მოხუცს წინ, თავის პატარა განუყრელ მუყაოს მაგიდაზე დავუდე...არასოდეს დამავიწყდება მისი გაბრწყინებული თვალები. მაშინ ვერ მივხვდი, თუ რატომ გაახარა ის ერთმა უბრალოდ შოკოლადმა ფულზე მეტად, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ ვიაზრებ, რომ უსახლკარო მოხუცისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა საჭმლის მაგივრად მოგროვილი ფული ტკბილეულობაზე დაეხარჯა.
სამწუხაროდ ვერასდროს გავიგე ამ ადამიანის წარსული, ერთადერთი რაც შევიტყე ისაა, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში არ ჩერდებოდა, რამდენჯერაც წაიყვანდნენ იმდენჯერ თავის კუთვნილ ადგილს უბრუნდებოდა ფოსტის შენობასთან.
ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა, მე სკოლა დავასრულე, საცხოვრებელი ქალაქი შევიცვალე, მაგრამ ეს ბაბუა არასოდეს დამვიწყებია...
ამ ამბის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩემს მშობლიურ ქალაქში სეირნობისას ეს ბაბუა ისევ შემხვდა განსხვავებულ ადგილას, მაგრამ იგივე მუყაოს მაგიდით და იგივე მეტყველი, ცისფერი თვალებით. არც მიფიქრია რომ ჩემში იმ პატარა სკოლის მოსწავლეს აღმოაჩენდა, რომელიც ყოველდღე სულმოუთქმენლად მიდიოდა მისთან უსიტყვოდ შესახვედრად. ძალიან მინდა ოდესმე ძალა მოვიკრიბო, მასთან მივიდე და მისი ცხოვრების შესახებ მოყოლა ვთხოვო და შეიძლება ეს ჩვენი უეცარი შეხვედრა ამის ‘ზეციურ’ ნიშნადაც კი ჩავთვალო...
Komentáře