top of page
ifonimojo

გაბედე, თქვი, იმოქმედე!

ერთი ჩვეულებრივი დილა თენდება. გარდერობს აღებ და ტანსაცმლის არჩევას იწყებ. გეჩვენება, რომ ეს კაბა ოდნავ მოკლეა, ამ პერანგს შედარებით ღია გული აქვს, მოსაცმელი თითქოს მოტკეცილია, მგონი პომადის წასმაც არ ღირს, უბრალოდ სასეირნოდ გასვლისას ვულგარული იქნება, სხვა დროისთვის იყოს. ირგებ სადა შარვალს, გრძელ მაისურს და გარეთ გადიხარ. შენთან ერთად მოდის შიში, რომელიც ქვეცნობიერშია ღრმად ჩალექილი და ერთი პატარა ბიძგი სჭირდება, ზედაპირზე ამოსასვლელად. ალბათ, ბევრი ქალბატონი ამოიცნობს საკუთარ თავს, რადგან მათი უმრავლესობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.


სექსუალური შევიწროება, ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში ტაბუდადებულად ითვლებოდა და მასზე საუბარი საჯაროდ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომელთაც დაძლიეს სტერეოტიპებში მოქცეული საზოგადოების გაკიცხვის შიში, გაბედეს, გააჟღერეს თავიანთი სათქმელი და ამით ხელი ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყვეს.



ყოველთვის, როდესაც სექსუალურ შევიწროებას ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს სიტყვა "არასასურველი". ესაა სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს ამცირებს, აშინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ღირსებას ულახავს. ის შესაძლებელია ხდებოდეს ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშო, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, სამსახურში, სამსახურს გარეთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საკუთარ სახლშიც კი. შევიწროების მაგალითი ძალიან ბევრია(იქნება ეს, მასტურბაცია საჯარო სივრცეში, არასასურველი შეხება ან ხახუნი, შემფასებლური კომენტარები თუ სხვა) , მათი ამომწურავად ჩამოთვლა კი შეუძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემატური დამსაქმებლის მხრიდან არსებული შევიწროებაა, კერძოდ- მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo), რაც სექსუალური ხასიათის მოთხოვნას გულისხმობს. სამწუხაროდ, მრავალი გაუხმაურებელი შემთხვევა არსებობს. უმეტესწილად, დუმილის მიზეზი გარშემომყოფების კრიტიკა, მსხვერპლის ემოციური მდგომარეობის აბსოლუტური უგულვებელჰყოფაა.


შევიწროებულის ჩივილის დაჯერება ხშირად უჭირთ, მას უბრალო შემთხვევითობას ან კომპლიმენტების გამოხატვის რეპლიკას მიაწერენ და მეტიც, ზოგჯერ დაზარალებულს მიიჩნევენ მომხდარში მაპროვოცირებელ ფაქტორად. "გამომწვევად ჩაიცვამდა და კაცსაც მეტი რა უნდა", "ასე იციან დღეს ახალგაზრდებმა, თავშეკავება არ გააჩნიათ", "ადრე ასე არ იყო, ახლა ზედმეტად თამამდებიან"-ამ და სხვა მარაზმულ წინადადებებს მრავლად მოისმენთ, რადგან საზოგადოებას არ სჯერა, რომ ხანშიშესული, თეთრთმიანი მამაკაცი, მათი კარის მეზობელი, სანდომიანი ახალგაზრდა ყმაწვილი ვინმეს რაიმეს დაუშავებს. სამაგიეროდ, ღრმად სწამთ, რომ პრობლემა ყოველთვის ქალშია. სამწუხაროდ, ამას თავად იდენტური სქესის წარმომადგენლები უსვამენ ხაზს, რაც უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას. ვინაიდან, სოლიდარობის, მორალური მხარდაჭერის ნაცვლად ტალახს ისვრიან. არადა, ამდროს, ოჯახის, მეგობრების, ახლობელი ადამიანების ადეკვატური რეაქცია და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.



არსებული რეალობის ფონზე, საინტერესოა, რა სამართლებრივი რეგულაციები ტარდება პრობლემის აღმოსაფხვრელად და რამდენად ეფექტურია იგი? სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონი ქართულ კანონმდებლობაში 2019 წლის 3 მაისამდე არ არსებობდა. 2017 წელს, საქსტატის მონაცემების საფუძველზე გაირკვა, რომ ქალების 5-დან 1 ადამიანი, 70 %-ზე მეტი როგორც საჯარო სივრცეში, ისე შევიწროების მსხვერპლი გახდა, ხოლო ამ მონაცემებს მიღმა კიდევ ბევრი დაუზუსტებელი რიცხვი არსებობს. ამავე წელს პარლამენტში "ქალთა მოძრაობამ" პეტიცია შეიტანა კანონის ჩამოყალიბების თაობაზე, ხოლო სახალხო დამცველმა მის ანგარიშში ღიად წამოწია პრობლემის სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად, ცნობიერების დაბალი დონე, დუმილის მიზეზშედეგობრივი კავშირები და მის გასაუმჯობესებელ ალტერნატივებზე მუშაობა დაიწყო. პროცესი გაიწელა, თუმცაღა დღეის მდგომარეობით გვაქვს კანონი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საჭირო ზომებს აუცილებლად მიიღებს.


ერთია, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედითუნარიანობა და მეორე თავად შევიწროებულების გამბედაობა, ხმამაღლა გააჟღერონ ტაბუდადებული საკითხის დეტალები. გავიხსენოთ ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, ესაა თათია სამხარაძის მიერ წამოწყებული სამართლებრივი დავა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. შევიწროება, რომელიც სექსუალური შინაარსის კომენტარების, პირად ცხოვრებაში ჩარევით გამოიხატებოდა წლების განმავლობაში პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. გამოძიების საფუძველზე დამტკიცდა, რომ თათია ნამდვილად იყო დამსაქმებლის მხრიდან მსხვერპლი, კერძოდ, მას კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ საქმის აღძვრის მომენტში არ არსებობდა მარეგულირებელი კანონი, რაც ვითარებას ართულებდა. როდესაც იწყება უფლებებისთვის ბრძოლა, აუცილებელია სისტემის გამართული მუშაობა, თუმცაღა, კონკრეტულ შემთხვევაში მორალური სიმტკიცე და დავა საკუთარი სიმშვიდისათვის ბევრი ადამიანისათვის მაგალითად იქცა.


მაშინ, როდესაც არ არსებობდა სექსუალური შევიწროების დეფინიცია, ქალებს, (იშვიათ შემთხვევაში მამრობითი სქესის მსხვერპლს) უჭირდათ ამ ფსიქოლოგიურ წნეხზე ხმამაღლა საუბარი. კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების ან აქტივისტების მიერ გატარებული მცირე რეფორმებით, თუმცა დღეს ვითარება პროგრესული ხდება. დაზარალებულები ამხელენ როგორც ფაქტს, ისე დამნაშავეს, რადგან იციან, რომ კანონი და საზოგადოების უმრავლესობა მათ სოლიდარობას გამოუცხადებს. რაც შეეხება, ნაწილს, რომელიც ემიჯნება საღ აზრს და გამომწვევ ფაქტორად ყოველთვის ქალს მიიჩნევს, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზრონ პრობლემის არსი, ამაში კი ჩვენი დახმარებაც აუცილებელია, ცნობიერების ამაღლების საშუალებით. ერთ-ერთი ასეთი წამოწყება, სახელად" 3 წუთი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ". ორგანიზატორები უშვებდნენ ფილმებს ამ თემატიკაზე და მათი მიზანი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება იყო.


თუკი შევამჩნევთ, რომ ტრანსპორტში, ნებისმიერ საჯარო სივრცესა თუ უბრალოდ ქუჩაში ვიღაცას ავიწროებენ, ლახავენ მის ღირსებას, მაგრამ ის ვერაფერს ამბობს, რადგან დაუცველობის სინდრომითაა შეპყრობილი, არასდროს არ უნდა დავხუჭოთ თვალი, რადგან ეს გამოსავალი არ არის. გამოსავალი, მსხვერპლის მოძალადისგან დახსნაა, რადგან არავინ, არასდროს, არსადაა დაზღვეული მსგავსი შემთხვევისაგან. ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი უფლებების დაცვა და სოლიდარობა ჩემი, შენი, ჩვენი-ყველას ვალია!

17 views0 comments

Comments


bottom of page