წლების შემდეგ 2020 წლის ხსენებაზე ალბათ უმრავლესობას პირბადე, კარანტინი, ათასობით გარდაცვლილი ადამიანი და ,,უხილავი მტერი“ გაგვახსენდება, რომელმაც მსოფლიოში დიდი ქაოსი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს სხვა ყურადსაღები მოვლენებიც მიმდინარეობდა, როგორიციყო მაგალითად, ავსტრალიის ხანძარი, მთელი მსოფლიო მაინც პანდემიით იყო დაინტერესებული. კორონა ვირუსმა გლობალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების წესი. ამ ყველაფრის ფონზე, გასულ წელს იყო შემთხვევები, რამაც ადამიანები ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. გთავაზობთ 5 გაკვეთილს, რაც 2020-მა წელმა გვასწავლა.
1. ყველას გაგვიგონია მოსაზრება, რომ ადამიანი სოციალური არსებაა. ეს კი გასულმა წელმა უფრო ნათლად დაგვიმტკიცა. მას შემდეგ რაც პანდემიის პრევენციის მიზნით გამოცხადდა კარანტინი და აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები, ადამიანებს ძალიან გაგვიჭირდა ოთხ კედელში გამოკეტვა. ერთის მხრივ ამან დიდად იმოქმედა ჩვენს ფსიქიკაზე, რამაც დამარწმუნა, რომ ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს შეცვლა და კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან.
2. 2020 წელს ისეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც ტექნიკისა და ინტერნეტის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, იძულებულნი გახდნენ რომ მათ დამეგობრებოდნენ. თანამედროვე მოწყობილობებმა ყველას სახლში საპატიო ადგილი დაიკავა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამსახურები, სწავლა-განათლება და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც კი შესაბამისი აპლიკაციების დახმარებით ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. თითქოს ტექნიკამ ჩაანაცვლა ადამიანები და ჩვენ გვიწევს ამასთან შეგუება.
3. მიუხედავად იმისა, რომ სახლში გამოკეტვაგარკვეულწილად ადამიანთა მენტალურ მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს, კარანტინი გახდა საშუალება, რომ საკუთარი თავი უკეთ შეგვეცნო. გარკვეული მიზეზების გამო ადამიანები ხშირად გავურბივართ რეალობას. მომავალზე იმდენად ბევრს ვფიქრობთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი - აწმყო გვრჩება მხედველობიდან. პანდემიამ კი მგონია, რომ გვასწავლა აწმყოს დაფასება და საკუთარ თავში ისეთი თვისებებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა, რასაც აქამდე სამწუხაროდ ყურადღებას არ ან ვერ ვაქცევდით.
4. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მდგომარეობაც იყო ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერავინ წარმოვიდგენდით,რომ მათი საშუალებით გადაადგილებაც კი მოგვენატრებოდა. კორონა პანდემიამ სრულიად ახალ დღის წესრიგში დააყენა სამყარო. ადამიანებმა ვისწავლეთ პატარა რაღაცების დაფასება, რაც აქამდე თითქოს უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა: მგზავრობა, ბარში მეგობრებთან ერთად დროის გატარება, სამსახურში წასვლა და თუნდაც ქუჩაში პირბადის გარეშე სეირნობა. ქართველები არც ადრე გამოვირჩეოდით დიდად ღიმილიანი სახით სიარულით, თუმცა ახლა პირბადეების წყალობით ადამიანების სახეებსაც ვეღარ ვხედავთ.
5. ერთი შეხედვით შეიძლება ხანდახან ყველანაირი იმედი დაკარგული იყოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ეს ასე არაა და შესაძლოა ამის გარკვევას დრო დასჭირდეს. პანდემიის საწყის ეტაპზე არ გვქონდა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით. თუმცა, შესაბამისმა უწყებებმა შეძლეს ვირუსის შესწავლა და მოსახლეობის ვაქცინაციაც კი მიმდინარეობს. 2020-მა წელმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მოულოდნელობის ეფექტზე. ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რასაც არასდროს ველოდით ან წარმოვიდგენდით. პანდემიამ შეძლო ადამიანებში ღირებულებების გადახარისხება. მეტ-ნაკლებად ვისწავლეთ უფროღრმად დაფიქრება კონკრეტულ საკითხებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ამ წელმა ჩვენს მიზნებს შესძინა ღირებულება: გვიღირს თუ არა ჩვენი მიზნები იმად, რა დროსა და ენერგიასაც მას ვახმართ?!
Comments