„გაჩერებასთან ვდგავარ. ავტობუსი ანელებს, ცხვირზე ჩამოცურებულ პირბადეს ვისწორებ, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, რამდენადაც ამის საშუალება მაქვს და ავტობუსის ღია კარში ვიყურები, ხელს ისევ გაცხარებით ვიქნევ და ჩემს გზაზე წამსვლელ მესამე ავტობუსსაც ვაცილებ... “
პრემიერის თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი შეზღუდვა მოხსნა. გაიხსნა სკოლები, ბაღები, რესტორნები, საზოგადოებამ ისევ აქტიურად დაიწყო გადაადგილება.
განსაკუთრებით რთული და მძიმე რეალობა დიდ ქალაქებში დადგა. გარეთ გასვლას, გართობასა და განტვირთვას მონატრებულმა საზოგადოებამ კაფეებსა და რესტორნებს მიაშურა. გაიცა თამაშებზე დასწრების ნებართვა, დაპირების მიხედვით, მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო დისტანცია. ამ გარანტიის იმედად წასულს „დაცულობის“ შეგრძნება სულაც არ მქონია, სიტუაცია, რომელიც ადგილზე მისულს დამხვდა, ნამდვილად არ ჰგავდა პანდემიის ომმგამოვლილი ადამიანების სივრცეს. ალბათ, ეს უფრო საზოგადოებრივი შეგნების რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც შორს წაგვიყვანს (ამაზე სხვა დროს).
სტადიონიდან „თავდაღწეული“ ახალ რეალობას შევეჯახე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე არაუსაფრთხო საშუალება იყო. თუმცა თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ასეთ შემთხვევაში გამოსავალი სახლში დარჩენაა და ამ ერთ წლიანი დაუსრულებელი რუტინის გაგრძელება?!- უკვე კარგად დამახსოვრებული ხედის ფანჯრიდან ცქერა. არ არის მარტივი ადამიანს ერთფეროვნება აიძულო.
ის, რომ ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდომარეობა შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, ცხადია. ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებლი 2, 28 %-ს არ სცდება. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება და ზემოთ აღნიშნული რეალობა ისევ ხანგრძლივ ჩაკეტვამდე არ მიგვიყვანს?!
იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ერთი მხრივ, შეზღუდვის მოხსნა კარგია, მეორე მხრივ, ეს ფაქტი ქვეყანას რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობის წინაშე აყენებს.
ხოლო ექიმი ვახტანგ კალოიანი შეზღუდვების მოხსნაში ვერაფერს ხედავს საგანგაშოს, რადგან არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებისა და მართვის საშუალებას იძლევა.
ვაქცინა ვერ შეისყიდეს- რატომ არ შემოგაქვთო?! შემოიტანეს-არ გავიკეთებთო. სანდოაო!-პირველივე აცრის მცდელობაზე ადამიანი კვდება. მაშ, რა არის გამოსავალი?! როგორ მოვიქცეთ?! რას ან ვის ვენდოთ?! და მაინც, რომელი შეზღუდული თუ შეუზღუდავი?!
ავტორი: შველიძე სოფიო
Comments