სადაც ცხოვრობ, იქ ყოველთვის ჩვეულებრივი და შესაბამისად, სხვაგან ყოველთვის არაჩვეულებრივი გგონია.
მიყვარდა
მიყვარდა სვანეთი, ზემო აჭარა - განსხვავებული ადამიანების, ტრადიციებისა და მისტიური ისტორიების სამჭედლო მეგონა.
ჩემს რეგიონში საინტერესოს ვერ ვპოულობდი მანამ, სანამ საინტერესო ამბების და ადამიანების პოვნა (ჩემივე რეგიონში) ჩემივე ვალდებულებად არ იქცა.
იქცა და მეც იმ დღიდან სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.
ვიფიქრე
თავიდან ვიფიქრე ყველა სოფელს ერთმანეთზე უკეთესი სათემო ცენტრი როგორ აქვს - თქო და მერე მივხვდი რო ეს სათემო ცენტრი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდები თავიანთ ცოდნას სხვა თანატოლებს უზიარებენ. ზოგიერთს სათემო ცენტრი საკუთარ ფარეხში აქვს მოწყობილი, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს გამოყოს ფართი ახალგაზრდებისთვის.
ვნახე
ცოტა რომ გავიარე, ვნახე ბოლნისი, სადაც პანდემიის დროს პროფესია დაკარგული ადამიანები გავიცანი. ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია, ულუკმაპუროდ დარჩნენ და ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად ახალი საქმიანობა აღმოაჩინეს. საქმიანობა, რომელიც რეალურად მათი ჰობიც ყოფილა.
მოვიკითხე დმანისი და ვნახე ადამიანები, რომლებიც უკვე ათეული წლებია ტრადიციული ბორჩალოური ხალიჩების შექმნით არიან დაკავებულები.
ახალგაზრდები მარნეულში საკუთარი ეროვნული დღესასწაულის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, რუსთავში ეკოლოგიურ პრობლემებს აპროტესტებენ.
მივხვდი და შევიყვარე
აქ მივხვდი, რომ გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, საერთოდაც არ არის მოსაწყენი და არც საკმარისი იმისთვის, რომ მისი შესწავლის სურვილი არ გვქონდეს.
და მერე როგორ გვეხმარება ამაში პროფესია, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მეტი შეკითხვების დასმის უფლებას გვაძლევს?
Comments