რიონის ხეობაში, იქ, სადაც უკვე 175-ე დღეა, რაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს კარვებში ათევენ, პროტესტი დღემდე არ ცხრება. ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას პირდებიან, რომ მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ, თუმცა, მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეებს დღითი დღე ეზღუდებათ გადაადგილებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
ამბავი მშენებლობამდე
ყველაფერი ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც ნამოხვანჰესის პროექტის ტენდერი ნორვეგიულმა კომპანიამ მოიგო და მასთან ერთად მუშაობას თურქული კომპანია „ენკაც“ შეუდგა.
ნამოხვანი, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, ქუთაისიდან 27 კილომეტრში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპელიტეტების საზღვარზე მდებარეობს. საქართველოს მთავრობამ, ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში მიწა 99 წლით მხოლოდ 16 ლარად ჯერ კიდევ მანამდე გადასცა, სანამ ჰესის მშენებლობაზე შესაბამისი ნაბრთვა გაიცემოდა.
მთავრობის პოზიცია
საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებაში წამყვანი პოზიცია ჰიდროელექტროსადგურებს უჭირავს, რაც მთავრობის პოზიციით, ქვეყნისთვის სასიკეთოა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, მოსახლეობის პროტესტი გადაჭარბებულია, რადგან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობს და, მისივე თქმით, პროექტი მოსახლეობას ბევრ სიკეთეს მოუტანს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აზრით კი, პროექტს გარემოსა და მოსახლეობისათვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, თანაც მშენებლობის პროცესში მთავრობა ბევრ გარემოებას მალავს და მისი რეალური მიზანი საეჭვოა.
განახლებული პროტესტი
რამდენიმეწლიანი პროტესტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მიმდინარე წლის 22 თებერვალს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ნამოხვანისაკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინა.
თებერვლის შემდეგ აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა შორის ვითარება არაერთხელ დაიძაბა და, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტის ძალადობრივი სცენარის განვითარების თავიდან აცილების პირობის დადებისა, მოსახლეობას არ სჯერა სახელმწიფოს გულწრფელობის.
ის, რაც დღეს ნამოხვანჰესის ირგვლივ ხდება, დიდი ხანია, მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნაწილსა და ინვესტორს შორის არსებულ დაძაბულობას გასცდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უკვე მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, რაც დაუშვებელია.
„რიონის ხეობის მცველები“
„რიონის ხეობის მცველები“ ცდილობენ, რომ საკუთარი მიწა საკუთარივე მოთმინებისა და თავისუფლების ფასად მაინც დაიცვან. ხელისუფლების წარმომადგენელთა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეხვედრაც შედგა, თუმცა მთავარი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე ელოდება, დღემდე არ შემდგარა.
„რიონის ხეობის მცველები“ საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებენ. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი მათგანი უკვე ახლოს გაიცნო. მათ შორის ერთ-ერთი ვარლამ გოლეთიანია.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ჩვენი პროტესტის მიმართულებით გონივრული და ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს. ჩვენი პირობაა, რომ ნამოხვანში დავუბრუნდეთ პროტესტს. შინაარსობრივი დატვირთვა ჩვენთვის სწორედ ნამოხვანს აქვს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ, რაც მათ მშენებელმა კომპანიამ ნამოხვანის ტერიტორიაზე პროტესტი აუკრძალა და სოფელი დაატოვებინა.
„რიონის ხეობის მცველები“ საკუთარ პოზიციას ამჯერად გუმათში იცავენ, მაგრამ ჯერაც ბუნდოვანია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები და საბოლოოდ რა ბედი ეწევა ნამოხვანის პროექტს.
[23 176; +∞)
ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მზად არიან, გაითვალისწინონ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მთავრობამ ნამოხვანჰესის მშენებელ კომპანიას რიონის ხეობაში, აწ უკვე გადაცემულ ტერიტორიასთან ერთად, სიმბოლურ ფასად 23 176 კვ/მ ფართობის ნაკვეთიც გადასცა, თანაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
რა იქნება შემდეგ?
ნამოხვანჰესის მშენებლობის დადებით მხარეებზე ხელისუფლება ხშირად მიგვითითებს, თუმცა არ აქვთ პასუხი იმ შესაძლო ზიანზე, რომელიც, ექსპერტთა ერთი ნაწილის მტკიცებით, აუცილებლად მიადგება რიონის ხეობასა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას. ფაქტი ერთია - „რიონის ხეობის მცველები“ დანებებას არ აპირებენ და მათ გვერდით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია.
შეძლებს თუ არა ხელისუფლება, დაასაბუთოს ჰესის მშენებლობის რეალური სიკეთე და გააქარწყლოს ყველა ის ეჭვი, რომლებიც ამ პროექტის ირგვლივ არსებობს - ამას დრო გვიჩვენებს, მანამ კი 99 წლით 16 ლარად გასხვისებული მშობლიური მიწის ამბავი თითქოს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის თანამედროვე გამოძახილია: „იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით...“
ნინო ჭყოიძე
ფოტომასალა გამოყენებულია "მთის ამბების" ფეისბუქგვერდიდან
Comments