ცხოვრებაში გვხვდება ადამიანები, რომლებსაც აქვთ შინაგანი ძალა,შენზე წარუშლელი კვალი დატოვონ. თითქოს, წამიერი გაელვებით გაგრძნობინებენ ვინ ხარ? სად ხარ და როგორი უნდა იყო?ერთ-ერთი ასეთია ბებიაჩემი, რომელიც ჩემთვის არის შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობისა და სიკეთის სიმბოლო.
ამბობენ, იმერელ ქალს შეუძლია სტუმარს ისე შეეგებოს, თითქოს მთელი ცხოვრება მას ელოდაო.სწორედ, იმერელი ქალების სტუმართმოყვარეობის დამსახურებაა ეს მოსაზრება. ჩემი იმერელი ბებია თამარიც, ამ აზრს კიდევ უფრო მეტად ამყარებს თავისი ცხოვრების სტილით.
მიუხედავად იმისა, რომ 72 წლისაა მთელი ცხოვრება საკუთარი შრომით ცდილობდა ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყო. ყოველთვის მასწავლიდა, რომ საკმაოდ ტკბილია სხვის მიერ მომზადებული, მაგრამ შენ მიერ მომზადებულს მაინც სხვანაირად ჭამ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არც ისე გემრიელი იყოს.
ყოველთვის აწუხებდა, ახლობლების,ნაცნობების, უცნობებისა და უცნობების ნაცნობების გასაჭირი. აქტიურად არის ჩართული სოფლის ცხოვრებაში და არაერთხელ მიმართა ადგილობრივი სოფლის გამგეობას, რათა თავისი სოფლელების გასაჭირი, პასუხისმგებელ პირამდე მიეტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მცხოვრებ ქალებს, არც ისე უდარდელი ცხოვრება აქვთ. თავის მოვლა და იმერული „სიკეკლუცე“ არასდროს დაუკარგავს. ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა სოფლის საქმის კეთებას ისე, რომ ტუჩზე წითელი პომადა და ფრჩხილებზე ლაქი, ყოველთვის იდეალურად ჰქონოდა.
არასდროს დამავიწყდება ფრაზა, სადაც არ უნდა იცხოვრო, იყავი ის ვინც ხარ, მიეცი შინაგან ბავშვს უფლება დარჩეს ბავშვად ...
Commentaires