top of page
Writer's pictureანი დეკანოსიძე

ვინ თქვა, რომ არ შეიძლება?

Updated: Apr 18, 2021


ფეხბურთი ქალების სპორტი არ არის- ფრაზა, რომელიც სადღაც მოვისმინე, მაგრამ აღარ მახსოვს სად, ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს ქვეცნობიერში. შეიძლება ბავშვობაში ეზოში მორბენალმა უბნის ბიჭებისგან გავიგონე, ან სკოლაში სპორტის გაკვეთილზე, მაშინ, როცა ბიჭები და გოგოები ერთმანეთისგან განსხვავებულ თამაშობებს ვთამაშობდით, ან უკვე წამოზრდილმა, საყვარელ გუნდს, რომ ვგულშემატკივრობდი და ეჭვის თვალით დამიწყეს გარშემომყოფებმა ყურება.

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ გენდერული ნორმები, რომლებიც ადამიანებმა გამოიგონეს და ერთმანეთს დააჯერეს, დღემდე, ყოველ ნაბიჯზე ფეხებში გვედება და რაღაცის დამტკიცებას გვაიძულებს?ბიჭებს თუ არა გოგონებს მაინც.




“დედა, მე მინდა ფეხბურთელი ვიყო”

არვიცი როდის ან ვინ გადაწყვიტა, რომ გოგონებმა “დედაშვილობანა” უნდა ითამაშონ და თოჯინებს ლამაზი კაბები შეუკერონ, ბიჭებმა კი გვიანობამდე ბურთს სდიონ, მაგრამ, როდესაც მშობლები ირჩევენ ხოლმე თუ რითი უნდა დაკავდნენ თავიანთი შვილები ისინი გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან.

თუ ბიჭი იტყვის, რომ ფეხბურთელობა სურს ეს ნორმალურია, მეტიც, ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ სურვილი აუხდინონ მათ. მაგრამ რა ხდება გოგონების შემთხვევაში? გაოცება, რჩევები, რომ იყვნენ უფრო ნაზები და ქალურები, ოჯახის წევრებისა თუ ახლობლებისგან, ერთი მეორის მიყოლებით იყრის თავს.

გენდერული ნორმები, რომლებიც ქალებს დაბადებიდანვე ჩრდილივით სდევს უკან მათ აიძულებს აკეთონ ის, რაც ნაკლებად მოსწონთ და საღამოს, ძილის წინ, გაუთქმელ ოცნებებში საკუთარ თავს დაუსვან კითხვა :” რა მოხდებოდა რომ?...”



“გოგო ხარ, მაგრამ ბევრი რამ იცი ფეხბურთზე...”

ნამდვილი გულშემატკივარი ვერ იქნები თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლების მიერ შედგენილი “ცოდნის ტესტი” არ ჩააბარე. თქვენთვისაც შემოუხედავთ ეჭვისთვალით, როცა ფეხბურთზე დაგიწყიათ საუბარი? უკითხავთ საიდან იცი ამდენი ან უთხოვიათ ჩამოუთვალოთ 11 კაცი “მაინც”, ვინც ძირითადში თამაშობს? ასეთი კითხვები ხშირია გულშემატკივარი გოგონების მისამართით, მაგრამ არა ბიჭების. თოთქოსდა მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალად ყოფნას კავშირი არ აქვს სპორტის ცოდნასთან, მუდმივად დამტკიცება სჭირდება.



გარშემომყოფები ხშირად ცდილობენ, რომ შენგან გამოძერწონ მათთვის მისაღები ქცევებისა და მისწრაფებების მქონე ადამიანი, მაგრამ მთავარია არ დაჰყვე მათ ნებას და არ მისცე უფლება იმ ყალიბში მოგაქვიონ, რომელიც უმრავლესობისთვის მისაღებია. საკუთარ თავს ჰკითხე- ვინ მინდა, რომ ვიყო? რა მინდა, რომ ვაკეთო და ამის შემდეგ უბრალოდ გაიცინე იმ გენდერულ ნორმებზე, რომლებიც საერთოდ არ არის ნორმა. არ არსებობს ბიჭების თამაშები, ეს არის ის, რაც თავს მოგახვიეს და მონდომებით დაგაჯერეს, ფეხბურთი ყველას სპორტია, განურჩევლად სოციალური სტატუსის, სქესის თუ წარმომავლობისა.



Comentarios


bottom of page