top of page
Writer's pictureNino Tchkoidze

ამბავი ბალტიისპირეთიდან


“ყველაფერი, რაც ძვირფასი და ტკბილია, არაა აუცილებელი, იყოს გრანდიოზული. ესტონეთი ველურ მარწყვს ჰყავს: სუფთაა და პატარა, საპოვნელად - რთული; ისინი, ვინც არ იციან, როგორ იპოვონ, ვერ ახერხებენ, ამოიცნონ და დააფასონ იგი. როცა მივხვდებით, რომ ჩვენია, მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო რამაა ქვეყანაზე“

ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის მეოთხე პრეზიდენტი


სახლიდან შორს

თუ მართლა გსურს, საკუთარი თავი ახლოს გაიცნო, შენი სახლიდან შორს ცოტა ხნით მაინც უნდა წახვიდე თურმე. შორს ისე, სიტყვიერად, თორემ თურმე შეიძლება, უცხო მიწაზე იყო და ერთი წამითაც ვერ გრძნობდე ამას.


ასეთ დროს გადამწყვეტი სულ რამდენიმე საათია - ხანგრძილივი მგზავრობის მერე კარგად გამოძინებულმა თუ თავი ბედნიერად უფრო იგრძენი, ვიდრე უცხოდ, მაშინ გილოცავ, გამოგივიდა. შენ შეძელი და ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.


კლიმატი

დილაობით ცივა ხოლმე, ხანდახან წვიმს კიდეც, ხან თოვლია. გააჩნია, რამდენად გაგიმართლა; თუ დღეს წვიმს, მაგრამ დილით ლექცია არ გაქვს, მაშინ ფანჯრიდან ყავის ჭიქით ხელში აკვირდები მინაზე მოცეკვავე წვიმის წვეთებს.



ზოგჯერ დრო იმაზე საფიქრალადაც გაქვს, რომ კიდევ ერთხელ მიხვდე - ბედნიერება სულაც არ ყოფილა რაღაც მიუწვდომელი. მერე რა, რომ 3 საათზე ბნელდება?


ტალინი

დედაქალაქი რომ უნდა ვახსენო, ახლა მივხვდი... არც კი მითქვამს, კონკრეტულად რაზე ვსაუბრობ. ეს ამბავი იმ ქვეყანაზეა, რომელიც ერთი გაცვლითი სემესტრის განმავლობაში ისე შემიყვარდა, რომ დიდი ხნით იქ ცხოვრებაზე დავფიქრდი.


ესტონეთის დედაქალაქი ფინეთის ყურეში მდებარეობს და ბალტიის ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია. ტალინის ისტორია 10 საუკუნეზე მეტს ითვლის და ქალაქის ქუჩებში სიარულისასაც იგრძნობა სიძველე. თუ სურთ, ჩრდილოევროპული კულტურისა და ბალტიისპირული კლიმატის ნამდვილი სახე ამოიცნოთ, მაშინ ტალინს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.


ხალხი და ენა

ესტონეთში მოხვედრამდე სულ ის მესმოდა, ესტონელები ცივი ხალხიაო. ახლა, როცა მათ დიდ ნაწილს უკვე ვიცნობ, ვხვდები - ესტონელები პატივს სცემენ საკუთარ და სხვის პირად სივრცეს; უყვართ ყველა, ვინც მათ ქვეყანას აფასებს და ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ.


რაც შეეხება ესტონურ ენას, ჩემთვის ეს ესტონური კულტურის ის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. 5-თვიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ესტონური რთული ენაა, მაგრამ საუცხოო და ლამაზი. თუ სწავლას დაიწყებ, მიხვდები, რომ დანებება არ ღირს.

...

ჩემთვის ესტონეთი ამოუწურავი თემაა. ესტონური კულტურის თითოეული კომპონენტი, ჩემი აზრით, ცალკე განხილვის საგანია. იმისთვის, რომ უკეთ მიხვდეთ, რატომ ესტონეთი, თვალი გადაავლეთ მათ საიმიჯო ვებგვერდს - VisitEstonia.

ან - ეწვიეთ ბალტიისპირეთის ამ პატარა ქვეყანას და თავადვე დარწმუნდებით, რატომ ესტონეთი.

Bye, thank me later.



ნინო ჭყოიძე


33 views0 comments

Comments


bottom of page