“ჯანდაცვა (ჯანმრთელობის დაცვა) არის სახელმწიფო, სოციალ-ეკონომიკურ, სამედიცინო და საზოგადოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების თავიდან აცილება და მკურნალობა, სიცოცხლის გახანგრძლივება. ჯანდაცვა ზოგიერთ ქვეყანაში ეფუძნება უფასო სამედიცინო დახმარების და მედიცინის პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმართულებებს, სხვაგან-სახელმწიფოს მხრიდან იგი რეგლამენტირებულია ანტიეპიდემიური სამუშაოების ჩატარებით, ხოლო ძირითადი მომსახურება გადატანილია კერძო სექტორში.”
ბოლო წლების მანძილზე საყოველთაო ჯანდაცვა გლობალური განვითარების დიალოგში სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება, მაგრამ დღემდე დეტალურად განსაზღვრული რეკომენდაცია ან დოკუმენტი, თუ რას უნდა სთავაზობდნენ ქვეყნები მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივების ფარგლებში არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის განმარტებებით, საყოველთაო ჯანდაცვით მოცვა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ხელმისაწვდომია მისთვის აუცილებელი, ხარისხიანი, სამედიცინო სერვისების სრულისპექტრი, ფინანსური ბარიერების გარეშე. ის უნდა მოიცავდეს როგორც სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პრევენციულ, ისე ხანგრძლივი მოვლისა და სარეაბილიტაციო ინტერვენციებს.
აღსანიშნია, რომ 2019 წლის გაეროს საყოველთაო ჯანდაცვის დეკლარაციის შემუშავებას კოორდინაციას უწევდა საქართველო.
საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის თებერვალში დაიწყო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 3.7 მილიონი მოქალაქიდან მხოლოდ 1.9 მილიონს ჰქონდა მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, მათ შორის 1.6 მილიონს-სახელმწიფო პროგრამების, ხოლო 300 ათასზე მეტს-კერძო სადაზღვევო სქემების ფარგლებში. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, შშმ პირებს, საპენსიო ასაკის მოქალაქეებსა და პედაგოგებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ შეთავაზებული პაკეტით, 2013 წლის ივლისისათვის საქართველოს თითოეული მოქალაქე უკვე უზრუნველყოფილი იყო პირველადი ჯანდაცვის ბაზისური პაკეტით, ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ დონეზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, ონკოლოგიური დაავადებების მართვის, გეგმური ქირურგიული ინტერვენციების, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებით. პაციენტების სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, აღნიშნული სერვისები ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან 50-90%-იანი თანადაფინანსებით ან სრულად. პარალელურად, ქვეყანაში გაგრძელდა დამატებით ჩვიდმეტი დამოუკიდებელი ეგრეთ წოდებული ვერტიკალური პროგრამა, რომლებიც კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებს სთავაზობდა ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების მკურნალობისთვის განსაზღვრულ მომსახურებასა და დიაგნოსტიკის. 2015 წლიდან აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაც.
საყოველთაო ჯანდაცვის მოდელის დადებითი მხარე იყო პაციენტის თავისუფალი არჩევანისუფლება. ნებისმიერ ადამიანს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მომსახურების მისაღებად შეეძლო აერჩია მისთვის სასურველი საავადმყოფო თუ პოლიკლინიკა/ამბულატორია.
ბარიერები
ერთ-ერთი პრობლემა რაც გაჩნდა იყო ხარისხთან დაკავშირებული რეფორმა, რომელიც კლინიკურ შედეგებზე იქნებოდა ორიენტირებული, ის ვერ დაინერგა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარისხი დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ დგას და ჯანდაცვის პროფესიონალთა ინდივიდუალურ თუ კონკრეტული კლინიკების ინიციატივებზეა დამოკიდებული.
მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც უნდა აღვნიშნოთ, არის საყოველთაო ჯანდაცვის განფასების რეფორმა, რომელიც 2013 წლიდან დაწყებული დღემდე არ განხორციელებულა.
შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯების კონტროლი პრობლემური გახდა ხარისხის მართვის პრობლემებთან ერთად და საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად უწევდა ათეულობით მილიონი ლარის დამატება დაგროვილი ხარჯვის დასაფარად. 2012-2017 წლებში, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მიხედვით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსება 450 მილიონიდან 1092 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ჯანდაცვის უწყებას კი 2017 წელს დანახარჯების შესამცირებლად, საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული მოდელის შემოტანა დასჭირდა, რამაც ხელი შეუწყო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თანადაფინანსების არეალის შეზღუდვას მოსახლეობის მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში.
საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მოდელი პრობლემური აღმოჩნდა, კლინიკებმა უარი განაცხადეს ჯანდაცვის უწყების ერთიან საინფორმაციო პორტალზე, ამიტომ პაციენტებისათვის უცნობი რჩებოდა კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე მათთვის განკუთვნილი დაფინანსების პროცენტის განსაზღვრის ფორმულა.
ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების თვალსაზრისით მოსახლეობის ფინანსური დაცულობაც ნაკლებად იყო გაუმჯობესებული. 2015-2017 წლებში UNICEF-ისა და ჯანმოს ანგარიშების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ოჯახების მესამედი შინამეურნეობების საერთო ხარჯების 10%-ზე მეტს მიმართავდა სამედიცინო მომსახურებაზე. ხოლო ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე დახარჯული ფინანსების ძირითადი წილი (დაახლოებით 69%) მედიკამენტებზე მოდიოდა.
სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 2014-2020 წლებში 350 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები მართოს უნიფიცირებული ტარიფებით.
2021
მოსალოდნელი იყო სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის იანვრის ინფლაციის მონაცემებით ჯანმრთელობის დაცვა ასე გამოიყურებოდა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
თუმცა 2021 წლის მარტში დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვისი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. რეფორმა ეხება დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხის და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ახალი დოკუმენტი პიროვნებაზეა ორიენტირებული. რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრონიკულიდა ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. რეფორმის კომპონენტებში ასევე შესულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოება.
ავტორი: ვასიკო ზუმბაძე
Comentários