top of page

საქართველო რჩება პოლიტიკურ კრიზისში - შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

Updated: Apr 20, 2021

18 აპრილს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უმასპინძლეს, თუმცა, შეხვედრას მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ლიდერები არ დასწრებიან.

ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების მაგიდაზე ახალი დოკუმენტი დახვდათ, ერთადერთი თვისებრივი განსხვავებით, დოკუმენტს 43%-იანი ჩამკეტის პუნქტი დაემატა. ამ ცვლილების მიხედვით, თუკი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს, ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც დოკუმენტში აისახა, სავარაუდო პოლიტპატიმრების საკითხს ეხება. ოპოზიციურმა ლიდერებმა თქვეს, რომ იზიარებენ დოკუმენტის ძირითად ნაწილს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შიდა კონსულტაციები უნდა გამართონ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება, სადაც ეწერა, რომ დოკუმენტი, რომელსაც მხარეებს წარუდგენდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იყო მომზადებული. საერთაშორისო პარტნიორებმა პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეხვედრა შეთანხმებით დასრულებულიყო.

„ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს“. - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება ამ შეხვედრას არ დასწრებია. მმართველი გუნდის ლიდერებს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა, მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ მათ ჯერ კიდევ 16 აპრილს ცალმხრივად მოაწერეს ხელი შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას.

რა ეწერა დანიელსონის დოკუმენტში და რით განსხვავდება ის მიშელის დოკუმენტისგან?


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, მან კრიზისის გადასაჭრელად ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. შარლ მიშელის ვიზიტის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ პარტნიორები ფასილიტაციის ნაცვლად, მედიაციის პროცესში გადადიოდნენ.

დანიელსონი თბილისში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა და ის მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში მართავდა - ხან მხოლოდ ქართულ ოცნებასთან, ხან მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, საბოლოოდ კი, ყველა მხარესთან ერთდროულად 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - შეთანხმება ვერ შედგა.


მაშინ დანიელსონმა თქვა, რომ ის ბრიუსელში ბრუნდებოდა, რათა პრეზიდენტ მიშელისთვის ანგარიში ჩაებარებინა. სპეციალური წარმომადგენელი თბილისში 28 მარტს დაბრუნდა. თავის პირველ განცხადებაში მან თქვა, რომ ამჯერად, ნაცვლად მოლაპარაკებებისა, ის უკვე შემუშავებული დოკუმენტით დაბრუნდა. დოკუმენტი მხარეებს შორის 8-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გასაჯაროვდა.

კრისტიან დანიელსონის, ისევე, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი, 5 ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე რეაგირება;

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

  • კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა;

  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;

  • მომავალი არჩევნები

დანიელსონის მიერ შემუშავებულ ტექსტში საუბარი არ ყოფილა ვადამდელ არჩევნებზე, რაც ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა იყო. ამ პრობლემასთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს ის იყო, რომ მათი განმარტებით, დოკუმენტში ცხადად არ იყო წარმოჩენილი ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება ხელისუფლების მხრიდან. მმართველი გუნდის ლიდერებმა კი თქვეს, რომ დოკუმენტი მათთვის მისაღები იყო და ხელს მოაწერდნენ „მცირედი ცვლილებებით“, თუმცა, არცერთხელ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობდნენ ამ ცვლილებებში.

საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტს ცალმხრივად, მისი წარდგენიდან ორი კვირის შემდეგ და მიშელის დოკუმენტამდე ორი დღით ადრე მოაწერა ხელი.


რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, როგორც უკვე აღვნიშნე, მას დანიელსონის ტექსტისგან მხოლოდ ორი პუნქტი განასხვავებს. მთავარი ცვლილება ის არის, რომ ამ დოკუმენტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი ვადამდელი არჩევნების შესახებ. დოკუმენტში წერია:


„2021 წლის 16 აპრილს ქართული ოცნების შეთავაზების შედეგად, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მსგავსი ჩანაწერი არცერთ წინა დოკუმენტში არ არსებობდა, ვადამდელი არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან „მიბმა“ ახალი ინიციატივა არ არის. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მაგალითად, გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლიდან, სხვადასხვა დროს ამბობდნენ, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა მსგავსი შეთავაზება, რასაც ოპოზიცია არ იზიარებდა. მეტიც, ჯერ კიდევ 27 მარტს ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან, მიხაილ გალერი ამ ინიციატივის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა და მას „უცნაურ ინიციატივად“ აფასებდა.


„როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი [ვადამდელი არჩევნებისთვის]. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზირეფერენდუმად. ეს ძალიან უცნაური ინიციატივაა, და მგონია, რომ ეს იდეა არ უნდა შედგეს. საჭიროა სხვა სახის კომპრომისები, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს“. - თქვა ევროპარლამენტარმა.

ამასთან, 16 აპრილს, ქართული ოცნების მიერ დანიელსონის დოკუმენტის ცალმხრივად ხელმოწერის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ს ვერ მიიღებს.


კიდევ ერთი ცვლილება ე.წ პოლიტპატიმრების საკითხს ეხება. დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ უნდა ამოქმედდეს როგორც ამნისტიის, ისე შეწყალების მექანიზმები. ტექსტის მიხედვით, უნდა გამოცხადდეს ამნისტია 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად აღძრულ საქმეებზე. შესაბამისად, ეს პუნქტი პირდაპირ ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომლის ბრალიც სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება.


რა თქვეს მხარეებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ?


შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი მედიის წინაშე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შიდა კონსულტაციებისთვის დრო ითხოვეს.


„შარლ მიშელი თვლის, რომ ეს ახალი წინადადება არის როგორც დაბალანსებული, ასევე რეალისტური... [...] რამდენიმე პარტიამ დრო ითხოვა კონსულტაციისთვის, რომ განიხილონ ახალი წინადადება. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო და ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაგვაცნონ და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ არსებულ დოკუმენტში ჯერჯერობით არის „გარკვეული პრობლემები“, ამიტომაც, პარტია გააგრძელებს მსჯელობასა და შიდა კონსულტაციებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია.


„ამავდროულად, ჩემთვის გაუგებარია, აპირებს, თუ არა ქართული ოცნება ამ შეთანხმების ხელმოწერას, რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილები. ეს აჩვენებს, ზოგადად, მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვამადელ არჩევნებთან დაკავშირებით“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, დოკუმენტში „ძალიან კარგი პროგრესია“ იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო, ვინაიდან მისი განმარტებით, მკაფიოა, რომ ნიკა მელია და მთავარი არხის თანადამფუძნებელი, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ. ბოკერიას თქმით, ძალიან კარგია ისიც, რომ დოკუმენტში საუბარია ვადამდელ არჩევნებზეც, თუმცა, მათთვის მიუღებელია ის გზა, რითიც ვადამდელ არჩევნებამდე მიდის ქვეყანა.


„ვადამდელს თვითმმართველობაზე მიბმა ჩვენთვის მიუღებელია. ან პირდაპირ უნდა შევთანხმდეთ და ვადებთან დაკავშირებით მოქნილები ვართ, ან პლებისციტით უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა. ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია და მათ მოსაზრებას მოვუსმენ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ ვადამდელის თვითმმართველობის შედეგებზე მიბმა არასწორი ტესტია“.

ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „პრინციპულად მისაღებია“ ეს დოკუმენტი, თუმცა პარტია ყველა ამ პუნქტს 19 აპრილს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაიტანს და საბოლოო პოზიციას ამის შემდეგ იტყვის.


„ასევე გეტყვით, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. შეთანხმების მეორე მონაწილე ქართული ოცნება ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს“.

მსგავსი პოზიცია აქვს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს. მისი შეფასებით, დოკუმენტი მისაღებია და პარტიის საბოლოო პოზიცია პარტიის სხვა წევრებთან შეთანხმების შემდეგ გავრცელდება.


„შეიძლება, მე მინდოდა, კიდევ ბევრი რამ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის. ყველას მართებს ღირსეული მიდგომა, რეალურად ღირსეული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ ქართული ოცნების მხრიდან. ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს“.

დოკუმენტი „კომპრომისულია“ რესპუბლიკელებისთვისაც, რომლებიც პარლამენტში ენმ-ს კოალიციის გავლით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძის შეფასებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.


„ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“.

მათგან განსხვავებულია გირჩი - მეტი თავისუფლების თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია. ჯაფარიძისთვის დოკუმენტი მიუღებელია, თუმცა, კონკრეტულად არც მას უთქვამს, მოაწერს, თუ არა მას ხელს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, ამისთვის ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს როგორც პარტიის შიგნით, ისე სავარაუდოდ სხვა პარტიებთანაც.

„დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა. თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი“.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგებიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ აღიარა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტში ამ დრომდე არ არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის კოალიციაში გაერთიანებული პარტიები, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერშიფმაც, მაგრამ მათ პროპორციული სია არ ჩაუხსნიათ, შესაბამისად, ლიდერების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, სია მოძრავი გახდა და მათგან პარლამენტში 4 დეპუტატი შევიდა, რომლებმაც „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს. ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ პარტიები მოქალაქეები და გირჩიც, თუმცა, მოქალაქეები უკვე შევიდნენ პარლამენტში, გირჩი კი 19 აპრილს შევა, მაგრამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.


პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააპატიმრეს.

მის დასაპატიმრებლად სამართალდამცველებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა დასჭირდათ, რადგან მელია ჩაბარებაზე უარს ამბობდა. მისი დაპატიმრების მიზეზი გირაოს არგადახდა გახდა, რომელიც მას შემდეგ დაეკისრა, რაც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამართულ ერთერთ პირველ აქციაზე მან ელექტრო-სამაჯური მოიხსნა და თქვა, რომ ის აღარ აპირებდა „უსამართლობის სიმბოლოს“ ტარებას.


პარალელურად ოპოზიციური პარტიები 15 მაისს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ.




ავტორი: ანა გვარიშვილი

コメント


bottom of page