top of page

პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, დათა ვანიშვილი, გარდაცვალების შემდეგ, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა.


9 აპრილს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებს გადაეცათ.

დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა, როგორც მას სამოქალაქო აქტივისტები ეძახდნენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობდა. ის 19 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2011 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გადმოწევის დროს, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა პაპა ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა, ერთი მხრივ, ცხინვალის რეჟიმისგან პასპორტის აღებასა და მათ პენსიაზე, მეორე მხრივ კი, საკუთარი სახლის დატოვებაზე. ანდერძად ცოლს სწორედ ეს დაუბარა: "სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიან".

სწორედ ამ შეუპოვრობის გამო, წლებთან ერთად, დათა პაპა ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. საქართველოში ჩამოსული დიპლომატები, თუ მაღალი სახელმწიფო მოხელეები უპირველეს ყოვლისა სწორედ დათა ვანიშვილის სანახავად მიდიოდნენ. ასეთი იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ვიზიტიც 2017 წლის 2 იანვარს.

დათა ვანიშვილის გასვენებაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ოჯახის წევრების გარდა, არავინ გადაუშვეს. ამიტომაც, მეზობლებმა, მეგობრებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ის საოკუპაციო ხაზს მიღმა, მავთულხლართებში დამაგრებული ყვავილებით დაიტირა.

ავტორი: ანა გვარიშვილი

17 views0 comments

Comments


bottom of page