საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, მოვლენების ქრონოლოგია შემდეგია - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც იზეიმეს გამარჯვება, ცესკოს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ კი საგანგებოს შეკრებილმა ოპოზიციურმა ლიდერებმა მეორე დღესვე აქცია დააანონსეს. მათი მთავარი გზავნილი უკვე მე-6 თვეა “გაყალბებული არჩევნებია”. ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა წამოაყენა და საპარლამენტო მანდატებზეც უარი თქვა. ბოიკოტში მყოფმა ქართულმა ოპოზიციამ აღნიშნული 6 თვის განმავლობაში განიცადა ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ერთ-ერთი ბარიერგადალახული პარტიის მხრიდან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღება, უდიდესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის წასვლა პარტიიდან და მეორე თავმჯდომარის დაპატიმრება და ამაზე დასავლეთისგან მწვავე კრიტიკა, პარტიებიდან ლიდერების წასვლა, ზოგიერთი მათგანის კი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა.
კრიზისის განსამუხტად დასავლელმა პარტნიორებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტაციის მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციისგან ბოიკოტის გამოცხადებისთანავე დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.
2021 წლის თებერვალში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლისკენ მოუწოდა. მანვე დატოვა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა, ანუ მართლმსაჯულების რეფორმა;
პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
შესაძლო ვადამდელი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება;
ფასილიტაცია, მედიაცია, ამ საკითხების მარტში განხილვა.
მიშელის მისია ამით არ დაბრუნებულა და მან საქართველოში პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, პრეზიდენტთან და მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ ის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
მიუხედავად რამდენჯერმე გამართული მრავალსაათიანი მოლაპარაკებებისა, დანიელსონის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებებიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები ამაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
დანიელსონის მხრიდან იყო არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ შედეგის მისაღწევად ორივე მხარისგან კომპრომისი იყო საჭირო.
31 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ შვედმა დიპლომატმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.
“ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელი გადაშალოს და თავისი ამბიციური მომავლისკენ წინ წავიდეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯში ამ გზაზე”, - თქვა დანიელსომა.
პარალელურად ვრცელდებოდა ევროპარლამენტარების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა დასავლელი პარტნიორების მწვავე განცხადებები მხარეებისკენ კომპრომისის გამონახვისა და ხალხის ინტერესებზე ფიქრის მოწოდებით.
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე ამბობდა, რომ კატასტროფა იქნება, თუ საქართველო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებას არ გამოიყენებს.
გავრცელდა, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან, ვინაიდან მხარეები საკუთარ ინტერესებს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.
მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ქართული ოცნების მხრიდან ხელმოწერის მზაობის გამოცხადების შემდეგ კი კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ უკვე ოპოზიციას მოუწოდა კონსტრუქციულობისკენ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, რომელმაც ოპოზიციაშიც განხეთქილება გამოიწვია, შარლ მიშელი თბილისს კიდევ ერთხელ ეწვია, თუმცა პოლიტიკური მხარეების ხელმოწერის პროცესს დისტანციურადაც ადევნებდა თვალს.
შეიძლება სადავო იყოს თვითონ დოკუმენტი, რომელზეც მხარეები თითქმის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, შეიძლება სადავო იყოს, ასევე თვითონ მხარეების სტრატეგია და მოვლენათა ქრონოლოგიის კონტექსტი, თუმცა ევროპული საბჭოს და დასავლელი პარტნიორების ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ძალიან აშკარა და დასაფასებელია.
ავტორი: გვანცა სეთურიძე
ความคิดเห็น