top of page
Writer's pictureWeekly Brief

კვლავ ინფლაციის წინააღმდეგ

Updated: Apr 22, 2021

ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი კოვიდვითარების გამო აქტუალობას არ კარგავს მისგან გამოწვეული ინფლაცია და ის კრიზისი, რომლისთვისაც გვერდის ავლა შეუძლებელი გახდა. პოლიტიკურად არასტაბილური გარემო პირდაპირპროპორციულად აისახა ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ სიტუაციაზეც, რითაც ისეთი ჯაჭვი იქმნება, რომელიც ყველაზე მეტად აზარალებს მოსახლეობას.




საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს მოსახლეობა. რეალურად კი რთულია იმ ზუსტი მიზეზის დადგენა, რომელიც იწვევს ამ კრიზისს. იმის გამო, რომ ასეთი ვითარება არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც შეინიშნება, პოლიტიკოსების აზრით, სწორედ პანდემიამ განაპირობა ასეთი გარღვევები ქვეყნის ეკონომიკაში. თუმცა საკითხავია, რომ არა კორონავირუსი და მისგან გამოწვეული სავალალო შედეგები, თავიდან ავირიდებით თუ არა იმავე შედეგს. ამაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის და შესაბამისად, აზრიც ორად გაიყოფა. ასეა თუ ისე, ფაქტი მაინც ერთია, ქვეყანა თანდათან უფრო და უფრო ღარიბდება და გამოსავლის მოძებნაც კიდევ უფრო უჭირს ხელისუფლებას.


სტატისტიკის მიხედვით, ინფლაცია 7.2%-ით გაიზარდა. ბოლო ერთ კვირაში კი განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე აისახა. ზეთის ფასმა 3 ლარით მოიმატა, პურის ფქვილის ფასმა კი 4-ით. საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა თამბაქოს მხრივაც. წინა წელთან შედარებით ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. ერთმანეთზე გადაბმულმა სფეროებმა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯიბეზეც იქონია გავლენა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება და უარეს შედეგსაც უნდა ველოდოთ.






პროდუქტებზე იმდენად ცვალებადი გახდა ფასი, რომ დახლებზე ციფრთა შეცვლასაც ვეღარ ასწრებენ. ლოგიკურია, რომ უკმაყოფილო მოსახლეობაც მომრავლდა. ყველანი კი საბოლოოდ ისევ ქვეყნის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან მივდივართ. ყველაზე მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის დევალუაციაა, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური კრიზისთან.



საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკა წესით ეფექტიანი უნდა ყოფილიყო, ინფლაციის ზრდის შეჩერება ხელოვნურად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით სცადეს, თუმცაღა ფაქტი სახეზეა, ლარი დღითიდღე უფრო უფასურდება და ეკონომიკაც ვერ სტაბილურდება. გამოსავალი ისევ ინვესტიციების მოზიდვასა და ეროვნული ვალუტის გამყარებაშია. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი ახლო მომავალში, რთული სათქმელია.




ავტორი: ანა ლუკავა

Comments


bottom of page