28 მარტს საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის 4 წლისთავს აღნიშნავს. 2017 წელს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, და ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებდა, რომ ევროკავშირი ამგვარად ნდობას უცხადებს საქართველოსა და მის ხელისუფლებას.
შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზო მოგზაურობა შესაძლებელი გახდა. რაც წლების წინ ბევრს მიუღწეველი ეგონა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ ყოველ 180 დღეში შეუძლიათ 90 დღე მიყოლებით ან გადანაწილებულად იმოგზაურონ ევროპის გარკვეულ ქვეყნებში. მათი სია დიდია, თუმცაღა უვიზო მიმოსვლა არ ეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას.
საჭირო ინფორმაციის მიღება ინტერნეტსივრცეში არის შესაძლებელი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, საქართველოს მესაზღვრე ყველა აუცილებელ შემოწმებას ჩაუტარებს მოგზაურებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის გაუგებრობა, რაც უცხო ქვეყნის საზღვართან შეიძლება რომ მოხდეს. იგულისხმება მგზავრის პასპორტის, საკმარისი ნაღდი ფულის, სადაზღვევო ბარათისა თუ სხვა იმ დოკუმენტების შემოწმება, რომლებიც აუცილებელია უვიზო მიმოსვლისთვის. ასე უფრო ზუსტად ვიქნებით ინფორმირებულები და ნაკლებად გვექნება ხელშემშლელი ფაქტორებიც.
ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას არ ექნება ის საჭირო საბუთები და დოკუმენტები, რომლებიც კანონის მიხედვით არის გათვალისწინებული, ან თუ მას ეკრძალება იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც ევროკავშირის/შენგენის წევრია. ეს ცვლილება 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა საქართველოს კანონმდებლობაში.
უვიზო მიმოსვლის მიზეზი თუ მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მაგალითად: ბიზნესშეხვედრები, ტურისტული, ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მონახულება, მხოლოდ მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები, რომლებიც ტრეინინგებს გულისხმობს, ასევე მკურნალობა, სამეცნიერო ღონისძიებები და სხვა. რაც შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, ასეთ შემთხვევებში უვიზო მიმოსვლა არ მოქმედებს.
ევროკავშირთან დაახლოების გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად შეუწყო ხელი ამ მოვლენამ სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, უცხოური კულტურის შესწავლას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას და ა.შ. თუმცა ყველაზე მეტად ტურიზმის განვითარებისთვის გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.
„სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობის, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“ - წერს დავით ზალკალიანი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული მოვლენიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეებიდან ნახევარ მილიონზე მეტმა შენგენის სივრცის ქვეყნებში მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა. ზოგადად რომ ვისაუბროთ ამ ფაქტის მნიშვნელობის შესახებ, ალბათ გასაკვირი არცაა, თუ ყველას ასე ძალიან რატომ გვიხაროდა 4 წლის წინ და ამ მომენტშიც. მიზეზი ნათელია, ევროკავშირთან დღეს იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე 4 წლის წინ ვიყავით, რაც ქვეყნის ყველა მხრივ განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს მოვლენა მხოლოდ პოლიტიკურად ღირებული როდია.
ასე რომ, ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წელიწადში საქართველოსთვის მართლაც გაიხსნას გზა ევროკავშირისაკენ.
ავტორი: ანა ლუკავა
Commentaires