როგორ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკა 90-იანი წლების შემდეგ?
საქართველო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყანაა და დღემდე ცვლილებების რთულ გზას გადის. საინტერესოა, რა ნაბიჯები გაიარა ამ გზაზე სახელმწიფომ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.
საქართველოს მშპ 1990 წელს – $7.754 მილიარდი
საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს – $3.697 775 ათასი
საქართველოს მშპ 2019 წელს – $17.477 მილიარდი
საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელს – $4.978 499 ათასი
1990-1999 წლები
1990-იან წლებში საქართველომ, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა და სოციალისტური ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა განიცადა. მხოლოდ ხუთ წელიწადში (1990-დან 1995-მდე) მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ჯამში $5.24 მილიარდით შემცირდა, რაც 67.69%-ით კლებას ნიშნავს. დეკადა ინფლაციის მაღალი დონითა და ბიუჯეტის მწვავე დეფიციტით გამოირჩეოდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მოსახლეობის მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდება იყო.
1994 წლის შემდეგ შეინიშნებოდა სიტუაციის სტაბილიზაცია და მცირედი მატებაც, თუმცა, 1998 წლიდან 1999 წლამდე მშპ-ის კლება კვლავ დრამატული იყო.

წყარო - World Bank
2000-2009 წლები
2000-იანი წლების პირველი მონაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის აღმავლობის პერიოდი იყო. საქართველოს მშპ 2000-დან 2008 წლამდე, ვარდების რევოლუციის შედეგად განხორციელებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების შედეგად, $9.738 მილიარდით (318.5%-ით) გაიზარდა და $12.795 მილიარდს მიაღწია.
სიტუაცია გაუარესდა 2008 წელს, რისი უმთავრესი მიზეზიც საქართველოსთვის არა მსოფლიოში არსებული 2008 წლის ფინანსური კრიზისი, არამედ რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აღმოჩნდა. ომმა უდიდესი ფინანსური თუ ადამიანური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რაც ლოგიკურად აისახა ეკონომიკურ პარამეტრებზეც და 2009 წლის მშპ-ის მაჩვენებელი, 2008 წელთან შედარებით, $2.028 მილიარდით შემცირდა.

წყარო - World Bank
2010-2019 წლები
არაპროგნოზირებადი და მკვეთრად ცვალებადი აღმოჩნდა საქართველოსთვის 2010-იანი წლებიც. დეკადის პირველ მონაკვეთში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა, 2014 წლიდან კვლავ გაუარესდა. გაუფასურდა ვალუტის კურსი და გაიზარდა უმუშევრობა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსეთის 2014-2015 წლის ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე დააზარალა. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. 2015 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, $2.7 მილიარდით (15.2%-ით) შემცირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება იყო.

წყარო - World Bank
მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები ქვეყნის კეთილდღეობის შესაფასებლად არ არის საკმარისი. სურათის უკეთ დასანახად საჭიროა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გამოანგარიშებაც:

წყარო - World Bank
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი (დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე 1990-2019 წლებში).
ავტორი - ქრისტინე ქათამაძე
Comments